კლინიკა „გული“-ს გენერალური დირექტორი, პროფესორი ანზორ მელია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მდგომარეობა არღვევს პაციენტის უფლებებს. 

   ანზორ მელია:

_ ამ მთავრობის ყველაზე წარმატებული პროექტი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ბოროტად გამოიყენეს ჩემმა კოლეგებმა და თანამდებობის პირებმა. ვერ ვიტყვი, რომ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ან მისი მოადგილეები მონაწილეობენ ამ სისტემაში არსებულ კორუფციაში, მაგრამ ,,ზემდგომმა ორგანოებმა” გადაწყვიტეს, რომ საყოველთაო პროგრამით ეშოვათ ფული.

 _ რას გულისხმობთ, იქნებ დააკონკრეტოთ? 

_ პაციენტები სასწრაფოს მიჰყავს საავადმყოფოებში ისე, რომ ზოგჯერ, სტაციონარში გადაყვანა არ სჭირდებათ. ცხადია, ესეც იძლევა კორუფციის საფუძველს. ეს პაციენტები მათ მიჰყავთ არასპეციალიზირებულ კლინიკებში, სადაც უტარებენ უამრავ პროცედურებს, მათ შორის არასაჭიროსაც და ამ ფორმით, სახელმწიფოს სძალავენ თანხებს. ბოლო დროს ახალი რეგულაციები შემოიღეს და ხალხს, რომელიც შეჩვეული იყო კორონოგრაფიაში 180 ლარის გადახდას, ახდევინებენ 500 ლარს.  ეს არის საკმაოდ გაზრდილი თანხა, რაც იწვევს უკმაყოფილებას.

 _ მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში ირღვევა პაციენტების უფლებები?   

_ კიდევ ბევრ შემთხვევაში ირღვევა ავადმყოფების უფლებები. ვთქვათ, კაცს, რომელიც ცხოვრობს ვარკეთილში და არის დევნილი, უცებ ეწყება ძლიერი ტკივილი გულის არეში. ეს ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხვდეს სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც მოუხსნიან ამ ტკივილს და შეიყვანენ კორონოგრაფიაზე, ჩაუყენებენ სტენდს, მაგრამ ასეთი ადამიანი  გადაჰყავთ ვარკეთილიდან დიღომში, რადგან ტენდერში გამარჯვებული კლინიკა მდებარეობს იქ. ავადმყოფისთვის ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადაყვანა რომ სასიკვდილოა, ამის ცოდნას ექიმობა არ უნდა. შერჩევითი სამართალია ქვეყანაში. ბიზნესად არის ქცეული მედიცინა და დიდხანს ვერ გაუძლებს ხალხი ამ მდგომარეობას. რაზეც ახლა მხოლოდ მე ვსაუბრობ, მალე, ხალხი თავად ილაპარაკებს.

,,ლანცეტს” შეუჩერეს ლიცენზია, დააპატიმრეს ერთ-ერთი მფლობელი. სხვათა შორის, ამ კლინიკას წინათაც შეუჩერეს ლიცენზია, მაგრამ მოულოდნელად, ის კვლავ გახდა პოპულარული და  პაციენტების უმეტესობა  სასწრაფოს ამ კლინიკაში მიჰყავს. ამ საქმეში ვიღაცაა ,,ზემოდან” ჩართული და სახელმწიფო ფულით  ჯიბეებს ისქელებს. ამას არავინ არ აპატიებს…

სამედიცინო ტრადიციებით მდიდარ ქვეყანაში, საქართველოში, რომ ხსნი კლინიკას და ხარჯავ დიდ ფულს, ამ დროს არ ხარ გათვითცნობიერებული ამ საქმეში, არ გყავს ისეთი კადრები, რომლებიც კლინიკას წარმატებისკენ წაიყვანენ, გამოდის, რომ გათვლას აკეთებ მაქინაციებზე. გადაწყვეტილი გაქვს, საიდანღაც მოიზიდო ფული. სწორედ ეს არის შენი მიზანი და არა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარების გამოსწორება, მასზე ზრუნვა. ეს არის არამარტო მფარველობაში მყოფი კლინიკების სირცხვილი, არამედ მთელი ქართული მედიცინის ლაფის შესხმაა, რადგან არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლით ივაჭრო და  ფული აკეთო.

სასწაფო დახმარებასაც უნდა მიხედვა. იქ  ტენდერების გამოცხადება არაფერს მოგვცემს, თუ არ შეიცვლება მიდგომა. არ შეიძლება, ყველა ავადმყოფი რომელიც სასწრაფოს გამოიძახებს, სტაციონარში გადაიყვანონ. მსუბუქ პაციენტებს ადგილზე უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო დახმარება. სასწრაფო დახმარებას ვეძახი უფასო, ზიანის მომტან  ტაქსს. ავადმყოფები ,,სარდაფებში” გადაჰყავთ. წინათ  პაციენტების გადაყვანა ტერიტორიული პრინციპისა და რიგითობის მიხედვით ხდებოდა. რუქაზე იყო განაწილებული უბნები და ამის მიხედვით მიჰყავდათ პაციენტები სტაციონარებში, მაგრამ ამ ფორმით დიდ ფულს ვერ აკეთებდნენ და ტენდერები შემოიღეს, რომელშიც ის კლინიკა იმარჯვებს, ვისაც ,,ზემოდან” კარგი ,,ქოლგა” აქვს. ეს არ არის ადამიანებზე ზრუნვა. რაც ჰქვია ამას, ყველამ კარგად იცის.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი