საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ნოდარ მელაძეს ღია წერილით მიმართავს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ნოდარ მელაძეს ღია წერილით მიმართავს:

,,ღია წერილი ტელეკომპანია„ რუსთავი 2 -ის ჟურნალისტს, ბატონ ნოდარ მელაძეს

პატივცემულო ნოდარ! 2017 წლის 1 ივლისს შაბათის ,,კურიერში“ გავიდა სიუჟეტი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე. კურიერში გამოვიდა გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული ლაშა კვირკვაია სენსაციური განცხადებებით. ზაზა ხატიაშვილს არ მაინტერესებს ის ფაქტები რასაც ლაშა კვირკვაია პროკურატურასთან მიმართებაში ჰყვება სხვა საქმეებზე, მაგრამ მისი განცხადება, რომ იგი არის უდანაშაულო და თურმე უდანაშაულო პოლიციელი გაწირეს, ეს არის სიცრუე. ლაშა კვირკვაია ცილს სწამებს ყველას, ვინც გვერდში უდგას ადვოკატ გიორგი მდინარაძეს. სასამართლო პროცესებზე რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ მისი პატიმრობა არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის დამსახურება, რომ იგი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის სარედაქციო პოლიტიკას ეწირება. ვინაიდან, ჩემი აქტიურობის შემდეგ მოხდა მისი დაკავება, დამაბრალა, რომ ვიყავი აგენტი, როცა ვიცავდი ადვოკატის უფლებებს, გარიგებული ვიყავი სააკაშვილის ხელისუფლებასთან. მისი ძმა და მამა მივიდნენ გიორგი მდინარაძის სამსახურში და აღნიშნეს, რომ მათმა შვილმა ჩაიდინა სამარცხვინო საქციელი და ბოდიშს მოუხდის ლაშა კვირკვაია ადვოკატთა კორპუსს. ეხვეწებოდნენ გიორგი მდინარაძეს, დათანხმებულიყო საპროცესო გარიგებას.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა იურიდიული სამსახურის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი სულხან კომახიძე, რომელმაც დაადასტურა აღნიშნული ფაქტები. სულხან კომახიძემ პირველმა ნახა ნაწამები გიორგი მდინარაძე პოლიციის შენობაში, რომელსაც პოლიციაში სთხოვდნენ, რომ სიტუაცია მოგვარებულიყო. ლაშა კვრკვაიას მეუღლე მივიდა ჩემს მოძღვათან ეკლესიაში და სთხოვა, რომ მისი ქმრის მიმართ მე ვყოფილიყავი ლმობიერი. მისი მეუღლე, ლაშა კვირკვაია, მზად იყო ადვოკატებისთვის ბოდიში მოეხადა თუ მიიღებდა არასაპატიმრო სასჯელს. ისმის კითხვა, თუ ლაშა კვირკვაია არის უდანაშაულო, რატომ უნდა მოეხადა ბოდიში ადვოკატთა კორპუსისთვის? რატომ ითხოვდნენ მისი მეუღლე, მამა და ძმა საპროცესო გარიგებას? ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი საპროცესო გარიგების, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიციელების დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს.

სასამართლო დასასრულს უახლოვდება, ჩემი აზრით გამოკვეთილია კვირკვაიას მიმართ წაყენებული ბრალდება და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ლაშა კვირკვაია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

პატივცემულო ნოდარ ! ადვოკატი გიორგი მდინარაძე შევიდა პოლიციის დაწესებულებაში არასრულწლოვანის დასაცავად, რომლის დაცვას ახორციელებდა უფასოდ. ადვოკატი იქიდან გამოვიდა მრავლობითი დაზიანებებით. ვიმეორებ, გიორგი მდინარაძე ვინაიდან არის სახაზინო ადვოკატი, იცავდა არასრულწლოვანს უფასოდ, რატომ უნდა მიეყენებინა ადვოკატს თვითდაზიანებები? ნაწამებმა ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცადა, რომ მას დაზიანებები მიაყენა პოლიციის უფროსმა ლაშა კვირკვაიამ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აჩვენა ნაწამები ადვოკატი, გიორგი მდინარაძე იყო საშინელ მდგომარეობაში, ლაშა კვირკვაიას განცხადებით გამოდის, გიორგი მდინარაძე თავის თავს აყენებდა დაზიანებებს და ლაშა კვირკვაია უყურებდა? ეს ხომ აბსურდია? როდესაც გნერალური ინსპექცია მივიდა განყოფილებაში პოლიციელების შესამოწმებლად, პოლიციის უფროსი ლაშა კვირკვაია იქიდან გაქრა და მისი შემოწმება ალკოჰოლთან მიმართებაში მოხერხდა მხოლოდ მეორე დღეს. ადვოკატის წამების გახდა, ნამდვილი შოკი სამოქალაქო სექტორისთვის. პოლიციის უფროსს გადაეფარა შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ადვოკატის ბრალი იყო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო. ვერცერთმა ტელევიზიამ ვერ გაბედა ნაწამებ ადვოკატზე სიუჟეტის მომზადება, ,,რუსთავი 2“-ის გარდა. პოლიციის დაწესებულება მდებარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან 50 მეტრში, ჟურნალისტი ვერ გამოვიყვანეთ ფაქტის გასაშუქებლად, როდესაც „რუსთავი 2“-მა გააკეთა სიუჟეტი სხვა ტელვიზიებიც ახმაურდნენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იძულებული გავხდი მიმემართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისთვის, რომელიც რამოდენიმე დღეში ჩამობრძანდა და შეხვდა ნაწამებ გიორგი მდინარაძეს. მივმართე ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებს საქართველოს საელჩოების წინ მოეწყოთ აქციები, რომლის შემდეგ ლაშა კვირკვაია დააკავეს.

პროკურატუარა ასევე გადაეფარა ლაშა კვირკვაიას და არ მოხდა ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ეფექტური გამოძიება. ბრალი წაუყენეს ლაშა კვირკავაიას თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებაში, მაშინ, როდესაც, ჩემი აზრით, სახეზე იყო გიორგი მდინარაძის წამება. პოლიციელები, ვინც უკანონოდ დააკავა ადვოკატი და ბორკილები დაადო გიორგი მდინარაძეს, დღესაც პოლიციაში მსახურობენ. პროკურატურამ ფაქტობრივად გააუქმა განზრახ უკანონო დაკავების მუხლი. ლაშა კვირკვია, რამოდენიმეჯერ არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და შემდეგ წარმოადგინა სამედიცინო ცნობები. პროკურატურამ არცერთხელ არ გამოიკვლია წარმოდგენილი სამედიცინო ცნობების ნამდვილობა. პროკურატურამ, რომ ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და ბრალი წაუყენოს გიორგი მდინარაძის უკანონო დამკავებლებს ყველა პოლიციელი იტყვის სიმართლის, თუ რა ხდებოდა გიორგი მდინარძის წამების დრო. გიორგი მდინარაძის წამების შემდეგ, პოლიციაში სასწრაფოდ მოწმინდეს სისხლიანი კედლები და იატაკი, მაგრამ პროკურატურამ სპეციალური ხსნარის დამუშავებით ამოიღო კედლიდან სისხლის კვალი, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მოწმენდილი სისხლი ეკუთვნოდა გიორგი მდინარაძეს, რომელიც ადასტურებს იმ ფატს, რომ გიორგი მდინარაძე აწამეს.

ლაშა კვირკვაია იურისტია და იცის, თუ რას ნიშნავს ეს მტკიცებულება და ახმაურდა. მე, ლაშა კვირკვაიასგან ველოდები უფრო მეტ ზღაპრებს, ვიდრე აქამდე მოვისმინე. პატივცემულო ნოდარ! ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას განცხადება არ არის პირველი. ჩემი შეფასებით, ლაშა კვირკვაია გრძნობს გამამტყუნებელი განაჩენის ალბათობას და განაჩენის მოახლოებასთან ერთად, სავარაუდოდ ანერვიულდა. ადვოკატ გიორგი მდინარაძის წამების საქმე არის აყვანილი ყველა უფლებადამცელი ორგანიზაციის კონტროლზე, რათა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში მისი განხილვა. თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე შონიამ, რომელიც ცნობილი იყო არასრულწლოვნების მიმართ საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებების გამოყენებით, სრულიად უკანონოდ შეუცვალა საპატიმრო ღონისძიება ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას და გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ, რამაც საფუძველი დაუდო ლაშა კვირკვაიას გააქტიურებას. ადვოკატთა ასოციაცია ბოლომდე მიიყვანს არა მარტო ლაშა კვირკვაიას ბრალდების საქმეს, არამედ იბრძოლებს ყველა იმ პოლიციელის დასასჯელად, ვინც მოცემულ საქმეზე მისცა ცრუ ჩვენება და ამაში ჩვენ გვაქვს ყველა იმ ჟურნალისტის და პირადად, პირველ რიგში თქვენი იმედი, ვისთვისაც მიუღებელია წამება, არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობა. პატივისცემით, ზაზა ხატიაშვილი”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close