გასული კვირის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ჭუნიაშვილმა, რომელიც ს.ს. „გუდვილის“ გადახდისუნარიანობის საქმეს აწარმოებს, „გუდვილის“ კრედიტორთა ნაწილის განცხადებას, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე, უარით უპასუხა. ამ ინფორმაციას გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ვებ გვერდი www.bfm.ge ავრცელებს.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხევევაში, თუ რიგგარეშე კრება დაინიშნებოდა, დღის წესრიგის თანახმად, მას რეაბილიტაციის მმართველის შეცვლის საკითხზე უნდა ემსჯელა და შესაბამისად, ახალ მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოვალეობაც ხელახლა უნდა განესაზღვრა და დაემტკიცებინა. ანუ, ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, „გუდვილის“ მართვაში ხავერდოვანი გადატრიალება მოხდებოდა.
„გუდვილის“ კრიზისის ისტორია საზოგადოებას კარგად ახსოვს. საბანკო კრედიტების კაბალაში აღმოჩენილმა კომპანიამ შეძლო და რეაბილიტაციის გზას დაადგა. კრედიტორთა კრებამ დანიშნა რეაბილიტაციის მმართველი და დაამტკიცა რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმა. ყველა მხარე ადასტურებს, რომ რეაბილიტაციის გეგმა დღემდე ვადებში სრულდება და რომ კომპანიის მენეჯმენტი ახერხებს და „გუდვილის“ შემოსავლების ტრენდს აღმავალი ხაზით ინარჩუნებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – „გუდვილმა“ უკვე მოახერხა და ბანკის სახით მას უზრუნველყოფილი კრედიტორი აღარ ჰყავს.
მაშ, რატომ ითხოვს კრედიტორთა ნაწილი საწარმოს რეაბილიტაციის მმართველის შეცვლას და საერთოდ, ვისგან შედგება ეს კრედიტორთა ნაწილი, რომელიც მთლიან კრედიტორთა რაოდენობიდან (500-მდე კრედიტორი ) 30-ს არ აღემატება, ხოლო მათ მიმართ „გუდვილს“, დავალიანების მთლიანი მოცულობიდან, მხოლოდ 30%-მდე მართებს.
ერთ-ერთი მათგანი „გუდვილის“ მინორიტარი აქციონერი გიორგი მახათაძეა, რომელიც, ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ კრედიტორს – შპს „გაგრა პლუსს“. მისი და კიდევ 30 -მდე კრედიტორის სურვილი იყო რიგგარეშე კრების მოწვევა და რეაბილიტაციის მმართელთან ერთად „გუდვილის“ დღევანდელი მენჯმენტის ფაქტობრივად საქმიდან ჩამოშორება.
მშრალი და ზოგადი ფორმულირებების მიღმა, რეაბილიტაციის მმართველის შეცვლის მოსურნე კრედიტორთა ნაწილს, სასამართლოსთვის არ წარუდგენია არცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოს გახდიდა რეაბილიტაციის მმართვველის გადაყენების საფუძვლად მითითებულ გარემოებებს…
სასამართლო განჩინებაში პირდაპირ წერია, რომ „მოცემულ შემთხვევაში, განცხადებას არ ერთვის შესაბამისი დოკუმენტი ზემოთ აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად. კრედიტორთა მიერ წარმოსადგენია მტკიცებულება „გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმართეს თუ არა მათ რეაბილიტაციის მმართველს ინფორმაციის მისაღებად“.
მოკლედ, კრედიტორთა ნაწილმა, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ, უარი მიიღო. თუმცა, საინტერესოა, რა სურდათ მათ, რისი შეცვლა, ვისი მეშვეობით და რატომ.
იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორთა რიგგარეშე კრება შედგებოდა და 2015 წლის ივნისში დანიშნული რეაბილიტაციის მმართველი – შპს „ბიზნეს ქეარ კრპორეიშენი“ – ნოდარ პაპუკაშვილი, შპს „ნექსია თიეი“-ით შეიცვლებოდა და ძალაში შევიდოდა ახალი ხელშეკრულება და უფლებამოვალეობათა გამიჯვნის ახალი წესი, დადგებოდა შემდეგი ვითარება. – ახალი მმართველი, ანუ „ნექსია თიეი“, ყოველი თვის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 15 500 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე, რაც რამდენჯერმე აღემატება არსებული მმართველის ყოველთვიურ საზღაურს. ამასთან, რეაბილიტაციის მმართველი დამატებით 2%-ს მიიღებდა კრედიტორთა დაკმაყოფილებული მოთხოვნიდან, და ეს ხარჯიც კრედიტორთა ამ ჯგუფის ინიციატივით უნდა გაწეია რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ სს ,,გუდვილს“, რომელიც რეაბილიტაციის გეგმა ამ ტიპის და მოცულობის ხარჯებს არ ითვალისწინებს.
და მთავარი – ხელშეკრულების თანახმად, რეაბილიტაციის მმართველი გამორიცხავს თავის პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ან სხვა რაიმე წარუმატებლობა დადგა მესამე პირის (ორგანიზაციაში დასაქმებულ თუ სხვა დაქირავებულ პირთა) მიზეზით. ანუ, ამ ხელშეკრულებით კრედიტორთა ერთი ნაწილი, ერთი მხრივ, „ნექსია თიეი“ -ის სრულ და უპირობო თავისუფლებას აძლევდა, ხოლო მეორე მხრივ, მას პასუხისმგებლობისგან, პრაქტიკულად, სრულად ათავისუფლებდა.
ეს ყველაფერი, არცთუ შეფარვით, მიუთითებს, რომ „გუდვილის“ მინორიტარ აქციონერს და მის მხარდამჭერ კრედიტორთა ჯგუფს, სურდათ რეაბილიტაციის პროცესში „გუდვილზე“ სრული კონტროლის დამყარება, რაში დახმარებისთვისაც ,,ნექსია თიეის“ პირდებიან სოლიდურ თანხებს. ამის მიღწევის შემდეგ, რამდენად სამართლიანად და კონკურენტებთან (ამ შემთხვევაში, იგულისხმება მომწოდებელი კომპანიები, რამდენადაც „გაგრა პლუსი“ და სხვა კრედიტორები ასევე მომწოდებლები არიან) მიმართებაში რამდენად ეთიკურად წარიმართებოდა „გუდვილის“ ბიზნეს – პროცესი, ამის თქმა ძნელია.
სადღეისოდ, ფაქტი ის არის, რომ „ნექსიას“ მეშვეობით „გუდვილის“ ხელში ჩაგდების გეგმა ამ ეტაპისათვის ჩავარდა, თუმცა არ არის გამორიცხული კრედიტორთა ზემოაღნიშნული ჯგუფისაგან ხვალაც ველოდოთ ისევ ,,ნექსია თიეის“ ან სხვა პირის გამოყენებით სს ,,გუდვილის“ მართვის ხელში ჩაგდების მცდელობას. ხოლო თავის მხრივ „გუდვილი“, რომელმაც ბოლო წლებში საკმაოდ ბევრ გამოწვევას გაუძლო და რომლის „ქეისიც“, თუ როგორ დაძლია პრაქტიკულად გადაულახავი კრიზისი „რითეილ“ ბაზრის მოთამაშემ, უკვე დღეს ბევრ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში სამაგალითო „ქეისად“ არის წარმოდგენილი, აგრძელებს ოპერირებას, რჩება ბაზრის ლიდერ კომპანიად, არ ღალატობს მომხმარებლებისათვის უმაღლესი სერვისის და პროდუქციის მიწოდების პრინციპებს და ისევ სარგებლობს მათი ლოიალობით. – აღნიშნულია www.bfm.ge -ის პუბლიკაციაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი