საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი თევზაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს, არ დაუშვას რაიმე ფორმით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე და საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ნაწილზე საქართველოს იურისდიქციის  შეზღუდვა.

გიორგი თევზაძე:

_ აღმაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა მედია საშუალებებით. თითქოს, საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, აზერბაიჯანის მხარე პრეტენზიას აცხადებს დავით გარეჯის კომლექსის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად გამოცხადებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ექსპერტი, ვინმე, უზეირ ჯაფაროვი აღნიშნავს:

„საქართველოს ესმის, რომ ამ ტერიტორიას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, გარდა ამისა იურიდიული მხარითაც აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე საქართველოს“.

უზეირ ჯაფაროვის მხრიდან, ეს არის გაუგონარი და წარმოუდგენელი თავხედობა. როგორც ჩანს, ის  ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი განცხადებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ და სტრატეგიულ თანამშრომლობას. გარდა იმისა, დავით გარეჯი ქართული მართმადიდებლური სამონასტრო კომპლექსია და ბუნებრივია, ვერ აშენდებოდა და საუკუნეების მანძილზე წარმოდგენილი სახით ვერ იფუნქციონირებდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ისტორიული და სამეცნიერო კვლევებითაც , იგი არ უნდა წარმოადგენდეს დავის საგანს, რადგან საქართველოს კუთვნილებაა.

საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა უზეირ ჯაფაროვს, საქართველოს რომ წამოეყენებინა, მათგან განსახვავებით, დასაბუთებული პრეტენზია საქართველოს ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე? ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთა და კომპრომისები კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთ წითელ ხაზს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დავით გარეჯის განუყოფლობა საქართველოსთან. ამ საკითხზე კითხვის ნიშნების გაკეთებაც კი უკვე სახელმწიფოებრივი დანაშაულის ტოლფასია. ვიმედოვნებთ, და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მხარე პრინციპულ და კატეგორიულ პოზიციას დააფიქსირებს აზერბაიჯანულ მხარესთან და არ დაუშვებს რაიმე ფორმით დავით გარეჯზე საქართველოს იურისდიქციის შეზღუდვას. ასევე დარწმუნებულნი ვართ, რომ აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს კეთილგონიერების ფარგლებში და არ დაუშვებს საქართველოსთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან კონფლიქტური ვითარების შექმნას.

საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ მივმართავთ შესაბამისი წერილით საქართველოს მთავრობას. ასევე, განვახორციელებთ საზოგადოებრივ მონიტორინგს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო მონიტორინგის შედეგებს გავასაჯაროვებთ მედია–საშუალებებით კანონით დადგენილ ფარგლებში“.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი