Home მსოფლიო ერთადერთი ქვეყანა, რომელზე თავდასხმა ჰიტლერმაც კი ვერ გაბედა

ერთადერთი ქვეყანა, რომელზე თავდასხმა ჰიტლერმაც კი ვერ გაბედა

47 second read
0
25

მინიშნება: ეს არც აშშ-ია, არც ისრაელი, არც იაპონია და გვაპატიოს კიმ ჩენ ირმა, არც ჩრდილოეთი კორეა. პასუხი ამ კითხვაზე გაგაოცებთ, თუმცა ეს გაოცება მაცდურია. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით ყველაზე დიდი არმია ჰყავს. სახელმწიფო, სადაც 20-დან 50 წლამდე თითქმის ყველა მამაკაცი სამხედრო მოსამსახურეა, ხატოვნად რომ ვთქვათ, მათ ავტომატთან სძინავთ. სახელმწიფო, რომელიც მის მოქალაქეებს სთხოვს პისტოლეტის შეძენას და ამისათვის სპეციალურ ფასდაკლებასაც კი სთავაზობს; სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ორ-სამ საათში შეკრიბოს 650 ათასიანი, ხოლო ორ დღეში 1, 5 მილიონიანი შესანიშნავად გაწვრთნილი, ორგანიზებული და შეიარაღებული არმია ( შედარებისათვის: აშშ – 1, 3 მილიონი კაცისაგან შემდგარი არმია პლიუს ამდენივე რეზერვი; ჩინეთი-2, 4 მილიონიანი არმია პლიუს 1 მილიონი რეზერვი). ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ ეს კბილებამდე შეიარაღებული ქვეყანა ჟენევიდან დავოსამდე და ციურიხიდან ლუგანომდე, წარმოადგენს გვირაბებით დასერილ მაღალ მთებს, სავსეს ატომური თავდასხმის საწინააღმდეგო თავშესაფრებით, იარაღის საცავებით, სარაკეტო-არტილერიული ბაზებით… დიახ, საუბარია შვეიცარიაზე-ევროპის შუაგულში მდებარე პატარა, მაგრამ ძლიერ სახელმწიფოზე.

 

image

 

შვეიცარია – ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანათაგანია მსოფლიოში, რომელსაც საკადრო მილიციური სისტემა აქვს. მარტივად ავხსნათ, როგორია ეს სისტემა: ჯარისკაცების მცირე რაოდენობას + ბევრი საკადრო ოფიცერი და უნტეროფიცერი+რეზერვისტები+სასწავლო შეკრებები= სრულ არმიას. ანუ გამონათქვამი “ხალხი და არმია ერთია” შვეიცარიაში აბსოლუტურ იდეალიზმამდეა დაყვანილი.

ციფრობრივად კი ეს ყველაფერი შემდეგნაირად გამოიყურება: საკადრო სამხედრო მოსამსახურე ქვეყანაში მხოლოდ 9000-ია. არმიაში სავალდებულო სამსახურში მუდმივად იმყოფება 15000 ახალგაზრდა. გაწვევა ხდება 90 დღის ვადით. მისი დასრულების შემდეგ სახელმწიფო დემობილიზირებულს აძლევს იარაღს (შაშხანა ან პისტოლეტი) ორი სავსე მჭიდით, სამხედრო ფორმის სამ კომპლექტს ყველა სეზონისათვის, აღჭურვილობას, ტყვიაგაუმტარ ჟილეტს და მუზარადს. ყველაფერი ეს დემბილს სახლში მიაქვს და ინახავს ისე, როგორც სურს-კონტროლი აღჭურვილობის შენახვაზე არაა დაწესებული.

 

image

 

32 წლის ასაკამდე ჯარისკაცი იმყოფება ეგრეთ წოდებულ “აუსცუგში”, 32-დან 42 წლამდე – “ლანდვერში”, ხოლო 42-დან 50 წლამდე – ”ლანდშტურმის” მდგომარეობაში.

რიგით აუსცუგს 10 წლის განმავლობაში რვაჯერ იწვევენ სამკვირიან სასწავლო შეკრებებზე (სბორებზე), ლანდვერს სამჯერ ორკვირიან შეკრებებზე, ხოლო ლანდშტურმს ერთხელ ორკვირიან შეკრებაზე.

როგორც კი მამაკაცს 51 წელი შეუსრულდება, მას ოფიციალურად ათავისუფლებენ არმიიდან, ჩამოართმევენ შაშხანას, პისტოლეტს და სხვა აღჭურვილობას, ჩუქნიან პომპიან თოფს და სამობილიზაციო ხელწერილს-იმ შემთხვევისათვის, თუ ქვეყანას დასჭირდა ტოტალური მობილიზაცია.

 

image

 

შვეიცარიული არმიის თავისებურება გახლავთ ოფიცერ-რეზერვისტების გაძლიერებული მომზადება. ოფიცრად გახდომის მსურველები დამატებით შეკრებებს გადიან-ეს დაახლოებით 100 დღე გრძელდება და რაც მთავარია, სამსახურიდან თავის არიდება არავის არ შეუძლია-იქნება ეს სტუდენტი, ბანკირი, პარლამენტარი, უბრალო ფერმერი თუ პრეზიდენტი. სავალდებულო სამხედრო სამსახური და შეკრებები ყველასათვის სავალდებულოა, თუკი შვეიცარიის მოქალაქე ხარ და პასპორტში მამრობითი სქესი გიწერია.

 

image

 

აბა თუ იცით, რამდენია 7, 5 მილიონიანი (სწორედ ამდენს უდრის შვეიცარიის მოსახლეობის რაოდენობა) ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი?- თითქმის 5 მილიარდი დოლარი. როგორია მისი შეიარაღება? – 800-ზე მეტი თანამედროვე ტანკი და 200 ჯავშნოსანი; ქვეყანას, რომლის სიგრძე სულ რაღაც 350 კილომეტრია, აქვს 14 ესკადრილია 350 სამხედრო და სასწავლო თვითმფრინავით და 150-ზე მეტი ვერტმფრენით. ამასათანავე მთელი ეს “პარკი” გამუდმებით ახლდება თანამედროვე ტექნიკით, ისევე როგორც აშშ-ის ჯარში, სადაც დაუშვებელია, რომ პილოტი გაცილებით ახალგაზრდა იყოს იმ მანქანაზე, რომელსაც ის მართავს.

 

ჩამოწერილ და ვადაგასულ სამხედრო იარაღს სახელმწიფო ფასდაკლებით ყიდის თავის მოქალაქეებზე, თანაც მნიშვნელოვანი ფასდაკლებით და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, პრიორიტეტს ქალბატონებს ანიჭებს. შეძენილი იარაღის რეგისტრაცია ძალიან მარტივია და თითქმის ყველა სრულწლოვან ადამიანს შეუძლია. ხისტი გაანგარიშებით, შვეიცარიელების სახლებში არსებული საბრძოლო იარაღის, კარაბინ-ნახევრადავტომატების და სანადირო თოფების რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს და ამას ემატება ორ მილიონზე მეტი პისტოლეტი. მოკლედ, ამ ქვეყნის მოსახლეობა კბილებამდეა შეიარაღებული, თუმცა როგორც ჩვენი საიტის ერთ-ერთი მომხმარებელი იტყოდა, ისინი ქართველებივით წაღმა-უკუღმა როდი ისვრიან, რამდენჯერაც დათვრებიან. შვეიცარიაში ასობით სასროლი კლუბია, ხოლო ტირი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც კაფე.

 

image

 

ალბათ საინტერესოა, როგორ ატარებს სავალდებულო სამსახურს ჯარისკაცი?- მას აქვს კვირაში ორი გამოსასვლელი დღე, ის არ რეცხავს ჭურჭელს, არ თლის კარტოფილს, არ ასუფთავებს ტუალეტებს-ყველაფერ ამას კერძო ფირმები აკეთებენ და ყველაზე მთავარი-შვეიცარიელი ჯარისკაცი სადარაჯოზეც (ყარაულში) კი არ დგას. სამხედრო ნაწილის პერიმეტრსაც კი კერძო დაცვის სამსახურები იცავენ. ერთი შეხედვით გეგონებათ, რომ ჯარისკაცისათვის აქ ნამდვილი სამოთხეა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ახლა ამ საქმის უარყოფით დეტალებსაც შევხედოთ: ადგომა-დილის 5 საათზე, შემდეგ სირბილი, ფიზიკური მომზადება, საბრძოლო მომზადება, ხელჩართული ბრძოლა, ალპინიზმი, ტექნიკის მართვის სწავლა, კვლავ სირბილი და ასე გრძელდება შეუსვენებლად ღამის 12 საათამდე. არის მხოლოდ 30 წუთიანი სამი შესვენება საუზმის, სადილის და ვახშმისათვის. ასე რომ, შვეიცარიელ სამხედროებს მთლად კურორტზეც არ უწევთ ცხოვრება. ყოველდღიური სასწავლო რიტმი ძალიან რთულია, დამქანცველი და მას ბევრი ვერ უძლებს. ამბობენ, რომ შვეიცარიელი ჯარისკაცები ტერმინატორებად და რემბოებად არიან ქცეულნი. ერთი მაგალითი: ერთ-ერთ შვეიცარიელ ოფიცერს მიენიჭა დარვინის პრემია -2007 (შეგახსენებთ, რომ ამ წოდებას სიკვდილის შემდეგ აძლევენ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე სულელური სიკვდილით წავიდნენ ამ ქვეყნიდან). ოფიცერი ქანცის გაწყვეტამდე ასწავლიდა სამხედრო დანაყოფს პისტოლეტიდან მიზანში სროლას, შემდეგ კი ხიშტით ხელში გაექანა ერთ-ერთი მებრძოლისაკენ, რათა შეემოწმებინა, როგორ აითვისა მან პისტოლეტის მოხმარება. ქანცგაწყვეტილმა, თვალებზე ბინდგადაკრულმა ჯარისკაცმა ოფიცერი მტრად მიიღო და მასზე მთელი პატრონა დაცალა. ოფიცერი ადგილზე გარდაიცვალა.

Intermedia.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In მსოფლიო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *