,,უკვე 9 წელია, იმ ტკივილით ვცხოვრობ, რასაც შვილის ტკივილი ჰქვია. განსაკუთრებით, ამ სამი თვის განმავლობაში, ძალიან ბევრ უსამართლობას შევხვდი, ბევრიი ტკივილიანი დღეც ვნახე, ძალიან ბევრი გულისტკენაც და ამან უფრო მეტად გამაძლიერა, რათა  ვიბრძოლო ჩემი შვილის გადასარჩენად. სიცოცხლის ბოლომდე არ დავნებდები, არ მოვეშვები. თუ საჭირო გახდა, სიცოცხლეს შევწირავ ამ ყოველივეს, რადგან დასაკარგიც აღარაფერი აქვს დედას, რომელიც ყველა დღე უყურებს მისი შვილის ცრემლებს, ტკივილს და წამებას. უფალი მომცემს ძალას, ავიტანო და ბოლომდე გავიტანო ეს ყველაფერი.არ შევეგუები უსამარლობას, არ დავუჩოქებ დარდს და ტკივილს, პირიქით, დღევანდელი ტკივილი ხვალინდელი ძალააო და ნამდვილად ასე ყოფილა” _ წერს სოციალურ ქსელში ინგა ჭინჭარაული, რომლიც პატარა გოგონას, 10 წლის მარიამ გიორგაძეს, ავადმყოფობის გამო, უკვე სუნთქვა უჭირს. 

euronews.ge ინგა ჭინჭარაულს დაუკავშირდა და ბავშვის მდგომარების  შესახებ გამოკითხა.

 ინგა ჭინჭარაული:

_ წლინახევრის ასაკში მარიამს ჩუტყვავილა შეხვდა გართულებული ფორმით. მაღალი სიცხეები ჰქონდა, რა დროსაც  ბავშვს გაეთიშა ქვედა კიდურები. მარიამს აღარ შეეძლო. რა თქმა უნდა, ჩავუტარეთ გამოკვლევები და ექიმების გადაწყვეტილებით, მარიამს სჭირდებოდა ინტენსიური ვარჯიში და მასაჟი. ყველაფერი გავუკეთეთ, მაგრამ უშედეგოდ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ არ უმჯობესდებოდა.

ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო  ოპერაცია ქვედა კიდურებზე. გავუკეთეთ ოპერაციაც, თუმცა ისიც  უშედეგო აღმოჩნდა. ასეთ ტანჯვასა და წვალებაში გაირბინა წლებმა და მარიამს, კიდევ ერთი დაავადება,  ხერხემლის დეფორმაცია განუვითარდა. ამის გამო, ბავშვი უკვე ისეა ცუდად, რომ სუნთქვა უჭირს.  ჩემი შვილი  ვერც ჯდება ვერც წვება, ძლიერი ტკივილები აწუხებს.

გადავწყვიტეთ მისი წაყვანა საზღვარგარეთ და მკურნალობა. თურქეთის კლინიკაში გავგზავნეთ მარიამის დიაგნოზი. პასუხად მივიღეთ, რომ თუ ჩავიყვანდით მათთან, უშველიდნენ. სასწრაფოდ დავწერეთ განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში და დაფინანსება ვითხოვეთ. უკვე სამი თვეა ველოდებით, რომ განიხილონ მარიამის დაფინანსება. სამწუხაროდ, დღემდე ვცდილობ, მივიტანო სამინისტრომდე ინფორმაცია ჩემი შვილის მდგომარეობაზე. მეუბნებიან, რომ განიხილავენ ჩემს განცხადებას,  მაგრამ უკვე სამი თვე გავიდა.

ბავშვი ხელიდან მეცლება. იქნებ თქვენ სთხოვოთ ჯანდაცვის სამინისტროს, იქ მომუშავე ყველა ადამიანს, წარმოიდგინონ ჩემი და მარიამის მდგომარეობა, იქნებ შეგვიბრაალონ და გამოგვიყონ სათანადო ფინანსები, რათა ჩემი შვილი გამოვგლიჯო ხელიდან სიკვდილს.

euronews.ge ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ გასულ კვირას მივიდა სამინისტროში  ექსპერტის პასუხი, სადაც იკვეთებოდა, რომ დოკუმენტაცია შესწავლისათვის დამატებითი ექსპერტის შეფასებას მოითხოვს.შესწავლის მიზნით გადაგზავნილია და  პასუხს ველოდებითო.

გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომელთაც 10 წლის მარიამ გიორგაძის საქმის წარმოება და დაფინანსებამდე მიყვანა  ეხებათ, ექსპერტებს, დააჩქარონ პროცესი, რათა მერე არ გაუხდეთ სანანებელი, რომ მათმა სიზანტემ ბავშვი იმსხვერპლა. 

ნელი ვარდიაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი