დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ბალნეოლოგიური თერაპია (გოგირდის აბანოები და სამკურნალო ტალახი), სოციალური სამსახურის მოხელეს და მის შვილს, – წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზები, საკრებულოს მთავარ სპეციალისტს – ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაუფინანსა. ამ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“დუშეთის მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად საჯარო რესურსების გაფლანგვისა და უყაირათოდ ხარჯვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. რამდენიმე მათგანი აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ნიშნებს. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელეებზე უკანონოდ იქნა გაცემული სამკურნალო თანხები, – ჯამში 2 800 ლარი. მათ შორის, საფინანსო სამსახურის განყოფილების ყოფილი უფროსის ირაკლი წიკლაურისთვის (იგი ამჟამად გამგებლის მრჩეველია) დაფინანსებულია ანალიზები და ბალნეოლოგიური თერაპია (გოგირდის აბანოები და სამკურნალო ტალახი) – 494 ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის მთავარ სპეციალისტს თამილა ნადირაშვილს და მის შვილს ანი ნათელაშვილს, – წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზებზე – 740 ლარი, საკრებულოს მთავარ სპეციალისტს ეკა აფციაურს – ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაციაზე – 584 ლარი, იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს ლაშა სალბიშვილს – თვალის მიკროქირურგიული მკურნალობისთვის გადაერიცხა 518 ლარი და სხვა.

აუდიტორული შემოწმების მასალებში აღნიშნული ზოგიერთი დარღვევა, სახელმწიფო შესყიდვებში და სოციალური პროგრამის თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ნაწილში, მანამდეც იქნა გამოვლენილი დუშეთის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, თუმცა ამას შედეგად სამსახურის მაშინდელი უფროსის პაატა მიღდისელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 24 ივლისის №713 ბრძანებაში პაატა მიღდისელის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად მითითებულია სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. პაატა მიღდისელმა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით დავა დაიწყო, თუმცა მალევე სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო. დუშეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს”, _ აცხადებს საინფორმაციო ცენტრი.

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი