შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის უწყვეტი გაუმჯობესებისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გრძელვადიან, სტრატეგიულ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ გრძელდება შეხვედრები გრძელვადიანი, სტრატეგიული ხედვის ჩამოსაყალიბებლად ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და შრომითი ურთიერთობების მიმართულებით.
   ,,დღეს ვიწყებთ სერიას ჯანდაცვის მოდელთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი ჯანდაცვის სისტემა გვინდა და საით მივდივართ. უნდა შევიმუშავოთ ძირითადი გეგმები, მიზნები… გარდა ამისა, უნდა ჩამოვყალიბდეთ, დეტალურად რას ვაპირებთ ჯანდაცვის სერვისების კუთხით, როგორი უნდა იყოს სამედიცინო ხარისხი პირველად ჯანდაცვაში, რა ტიპის რეფორმები უნდა დავგეგმოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაწოდოთ ჯანდაცვის პროდუქტი იმ თანხით, რასაც სახელმწიფო ხარჯავს. საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს წინა წლებთან შედარებით სახელმწიფო. სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დახარჯული ჯანდაცვის სახსრებით…“ – აცხადებს ზოიძე.
    ანუ, ახლა გეგმავენ, როგორ უნდა ააღორძინონ ჯანდაცვა და გახადონ ის ხელმისაწვდომი ხალხისათვის. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ დაწყებული ეს კამპანია სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. საქმე იმაშია და ხალხმაც კარგად იცის, რომ საქართველოში, ჯანდაცვის რეფორმა ჯერ კიდევ ავთო ჯორბენაძის მინისტრობის პერიოდიდან დაიწყო, ანუ შევარდნაძის ეპოქაში და მას შემდეგ ყველა ხელისუფლება, მინისტრი თუ ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ახალ-ახალ ხედვებსა და პოლიტიკას გვთავაზობს. ეს ადამიანები ქართულ ჯანდაცვას ხან ალთას მიაქანებენ და ხანაც ბალთას. რეალურად კი ჩვენი მედიცინა და ჯანდაცვის სფერო უფსკრულშია გადაჩეხილი.
   ავთო ჯორბენაძის მინისტრობიდან დაწყებული ე.წ. ჯანდაცვის რეფორმისთვის იხარჯება მილიარდები, მაგრამ არც მედიცინა გახდა ხალხისთვის ხელმისწავდომი და არც მედიცინის მუშაკებს ეშველათ. სამაგიეროდ, რეფორმებზე საუბრებითა და ვითომ ცვლილებების მცდელობებით ხელს ყოველთვის ითბობენ ,,ჯანდაცვის მამები“, რომლებიც ამ ბაქხანალიაში არიან თავით-ფეხებამდე ჩართულნი და ხან ერთ აზრს ამტკიცებენ და ხანაც მეორეს.
    ქართული ჯანდაცვა მათთვის მეწველ ძროხად და დიდი შემოსავლის წყაროდ არის ქცეული, რადგან სწორედ მათი ოჯახის წევრებს აქვთ ჩაგდებული ხელში მიზერულ თანხებად გასხვისებული საავადმყოფოები, პოლიკლინიკები თუ სხვა სამედიცინო ობიექტები. ახლა,  იქ გახსნილ ჯანდაცვის ობიექტებში მომსახურეობის ტარიფებს ,,ცეცხლი უკიდია“ და რიგითი ადამიანები ვერ სარგებლობენ. სწორედ ჯანდაცვის სისტემაში წლობით მოკალათებული ადამიანების ახლობლები მართავენ სადაზღვევო კომპანიებს, საიდანაც მშვენივრად ,,იჭრება“ სახელმწიფო ფული და ა.შ.
   ბატონი აკაკი ზოიძე ცოტა ხნის წინ საუბრობდა ე.წ. ,,სარდაფის კლინიკებზე“, სადაც ადამიანებს თურმე მხოლოდ ფულს ართმევენ და სათანადო დახმარებას ვერ უწევენ, თუმცა მისი საუბარი ხალხის ,,გაცნობიერებით“ დაიწო და იქვე დასრულდა. სარდაფის კლინიკები კვლავ ძველებურად მუშაობენ და მათ არსებობას არანაირი საფრთხე არ შექმნია.
    მინდა მივმართო მათ: იქნებ გვითხრათ, რა ხდება ბატონებო? ნამდვილად ხალხზე ზრუნავთ თუ მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისთვის ირჯებით? რას ემსახურება თქვენი გამოსვლები, სხდომები, ახალ-ახალ რეფორმებზე და ხედვებზე მსჯელობები? რაღა დროს ჯანდაცვის ახალ პოლიტიკაზე საუბარია, როცა სულ ახლახანს, ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრად დაასახელეთ? თუ სისტემა დალაგებული, აწყობილი არ გაქვთ, ხედვა და პოლიტიკა არ გაგაჩნიათ, როგორ აღწევთ წარმატებას იქნებ გვასწავლოთ?
    ვის ატყუებთ და სად მიდის სახელმწიფო თანხები, რომელიც წესით და რიგით, გაჭირვებულ ადამიანებს უნდა ხმარდებოდეს. თქვენი საუბრებიდან და მისგან მიღებული შედეგებიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: საქართველოში არასდროს იქნება ჯანდაცვა ყველასათვის ხელმისაწვდომი და სახელმწიფო ფულიც ყოველთვის მოხმარდება მხოლოდ ,,დიდებულთა“ კეთილდღეობას.
    ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი, ერთი ჟურნალისტის დასკვნა, რომელიც ჯანდაცვის საკითხებს უკვე ათწლეულებია აშუქებს. ასეთივეა რიგითი მოქალაქეების ,,ხედვაც” და კარგი იქნება, თუ მათ აზრს ანგარიშს გაუწევთ. ბოლოს და ბოლოს, ტყუილს მაინც ნუ ეტყვით საზოგადოებას, რომელთა მეოხებითაც თბილ და რბილ სკამებზე ზიხართ. თქვენი ,,გასაკეთებელი“  ჩუმად მაინც აკეთეთ!

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი