საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ინტენსიური კამათი და მსჯელობა მიმდინარეობს. ოპონენტები ამ პროგრამას დაწყების დღიდან აკრიტიკებენ. არადა, ხელისუფლების  მოსახლეობასთან მთავარი სავიზიტო ბარათი სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, ვისი ხელმძღვანელობის დროსაც განხორციელდა ეს პროგრამა, კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი მზარდი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი.

დიმიტრი ხუნდაძე:

_ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯი საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 2,6% შეადგენს, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში დანახარჯი საშუალოდ 6-7%-ზე მეტია. ზოგადად, სამედიცინო დანახრჯები გამოირჩევა მზარდი დინამიკით, გამომდინარე იქედან რომ დარგი არის სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი. ძველ ტექნოლოგიებს ცვლის ახალი. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯების მზარდი დინამიკა განპირობებულია სხვა ფაქტორებითაც.

აღსანიშნავია რამდენიმე ძირითადი მიზეზი:

,, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა, მანამდე მოსახლეობის ნახევარი არ იყო დაზღვეული და მათთვის სამედიცინო სერვისები იყო ხელმიუწვდომელი. მოსახლეობაში ჭარბად იყო დაგროვებული ჯანმრთელობის პრობლემები (ქრონიკული დაავადებების მაჩვენებელი საქართველოში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი)

  1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯების შემდგომი მატება გამოიწვია სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ( 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები და ა.შ.)  პროგრამაში ჩართვამ 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
  2. ზემოთხსენებული მიზნობრივი ჯგუფების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვამდე კერძო სადაზღვევო კომპანიებმა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება, დროულად მიეწოდებინათ ამ ჯგუფებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება, არ შეასრულეს და გადაიყვანეს აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლები გრძელვადიან მოლოდინის რეჟიმში. შედეგად  მათთვის მიწოდებული სამედიცინო დანახარჯების ანაზღაურება მოხდა საყოველთაო პროგრამის ფარგლებში.
  3. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რეგიონში და მათ შორის ჩვენ ქვეყანაში გამოწვეულმა სავალუტო რყევებმა. განსაკუთრებით, დოლარისა და ევროს ზონიდან იმპორტირებული სამედიცინო-ფარმაცევტული პროდუქტის ფასები ეტაპობრივად გაიზარდა.“

დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ პროგრამის პირველი ეტაპი (საყოველთაოობა) მიღწეულია, პროგრამის მეორე ეტაპზე დაგეგმილია ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდა, რაზეც მუშაობა ერთი წლის განმავლობაში უკვე მიმდინარეობს.

„ეს მოგვცემს საშუალებას პროგრამა იყო მეტად ეფექტური და ხარჯთეფექტურიც. ამისათვის საჭიროა: პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმირება;  სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება; ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის კონტროლის  გაუმჯობესება; სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს შორის დაფინანსების მკვეთრი დიფერენცირება; სამედიცინო დაზღვევის სისტემაში ჩართული ბენეფიციართა აღრიცხვიანობის სისტემის სრულყოფა; სამედიცინო ხარისხის მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა.

ვფიქრობ, ამ დეტალური ახსნის შემდეგ აღარ დარჩება კითხვები, თუ რატომ არის მზარდი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი და რა ცვლილებებია დაგეგმილი ამ მიმართულებით, რომლის განხორციელებაც ახლა იწყება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი