დღეს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განცხადება გააკეთა სტატისტიკის დეპარტამენტის ახალ მონაცემებთან დაკავშირებით და ისაუბრა სახელმწიფო დემოგრაფიულ პოლიტიკაზე.

-„პირველ რიგში მსურს კიდევ ერთხელ შევეხო აფხაზეთის თემას და ავღნიშნო, რომ აფხაზ ერს უმძიმესი დემოგრაფიული მაჩვენებლები აქვს. ისინი დემოგრაფიული უფსკრულისკენ მიექანებიან.  მიმდინარეობს მათი გენეტიკური განზევება სხვა ერთან.  მსურს, კარგად გაიაზრონ აფხაზებმა ეს რეალობა და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ შარშან  მათ შევთავაზეთ ყველა იმ დემოგრაფიული ინიციატივების განხორციელება მათთვის, რაც ჩვენთან ხორციელდება.

რაც შეეხება ახალ სტატისტიკურ მონაცემებს, 2016 წელს ნეგატიური მაჩვენებლები გვაქვს მთელს საქართველოში, იკლო შობადობამ და იმატა გარდაცვალებათა რაოდენობამ. საქართველოში დაიწყო შობადობის გარდაუვალი კლების 25 წლიანი პერიოდი. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში დაიბადა გოგონების განახევრებული რაოდენობა. სწორედ ეს გოგონები შედიან დღეს დედობის ასაკში და ბუნებრივია, ისინი განახევრებულ შობადობას მოგვცემენ. ასვე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში იყო შობადობის ბუმი. ეს თაობა ახლა ხდება საპენსიო ასაკის და ბუნებრივია, გარდაცვალებათა რაოდენობაც იზრდება.

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა – ეს არის ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ეროვნული პრობლემა. ყველა თემაზე მსჯელობა ფუჭია, თუკი არ გვეყოლა ადგილობრივი მოსახლეობა- ის ეთნოსი, რომლემაც თავისი უძველესი ისტორია შექმნა და სწორედ ამით ხიბლავს მსოფლიოს. დღეს ყველაზე მეტი საშიშროება მსოფლიოში  დემოგრაფიული ანექსიაა და ეს ეხება სწორედ ჩვენისთანა მილევად ერს. ერში მე ვგულისხმობ ყველა ეთნოსს, ვინც ჩვენი ქვეყნის მკვიდრია საუკუნეების მანძილზე.

შარშან, პარლამენტში მივიღეთ დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი და დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო მუშაობა მომავალი 30 წლის სამოქმედო გეგმაზე. ასევე, უნდა შეიქმნას ეროვნული საბჭო. ფაქტია, სახელმწიფომ უნდა აწარმოოს ძლიერი დემოგრაფიული პოლიტიკა, სხვა შემთხვევაში, გაეროს მიერ გაკეთებული დასკვნებით, მოსალოდნელ დემოგრაფიულ კატასტროფას ქვეყანა ვერ აიცილებს.

დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობა საქართველოში უნდა დაწყებულიყო 15 წლის წინ. ჩვენ კი დავიწყეთ 4 წლის წინ და შევძელით პოზიტიურად შეგვეცვალა სტატისტიკური მაჩვენებლები, თუმცა, 2016 წელს ნეგატიური შედგები გვაქვს. ვფიქრობ, ყველა ვაანალიზებთ არსებულ რეალობას და მოსალოდნელ საფრთხეს. დემოგრაფიული უსაფრთხოება არის სახელმწიფოს უსაფრთხოების მთავარი საყრდენი. დემოგრაფია არ არის მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობა. თუკი 2050 წლისთვის მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფა ვერ ავიცილეთ, ჩვენს ქვეყანას მხოლოდ სახელი შერჩება. ჩვენ აღარ გვექნება ეროვნული პოლიტიკა, ეროვნული ღირებულებები, ქართული ენა, ჩვენი ტრადიციები. კავკასიაში ქართული პოლიტიკა აღარ იქნება დომინანტი.

დღეს ხელისუფლებისთვის ძლიან მძიმეა  ეს ტვირთი, რადგან გვიან გვიწევს ამ საქმის კეთება. მაგრამ, ფაქტია, ეს ტვირთი ჩვენმა პოლიტიკურმა თაობამ უნდა აიღოს. ეს არ არის პიარის თემა, რადგან შედეგს 25 წლის შემდეგ მივიღებთ, ეს არის ეროვნული საკითხი, რითაც თითოეული ჩვენგანი ვალს მოვიხდით ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს არის ზეპარტიული საქმე, რაშიც უნდა გაერთიანდეს საზოგადოებაც. ამ საკითხში განსაკუთრებული როლი აკისრია ასევე ქართულ მედიას“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი