SHARE

ჩეხური ენერგოკომპანიის ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თბილისის ცენტრალურ ოფისთან, სანდრო ეულის #19-თან ცხოვრობს უწყინარი და ლამაზი ქართული ქოფაკი. მისი მეურვე ანუ მიმკედლებელი, ამავე კომპანიის დაცვის სამსახურში მუშაობს.
სამწუხაროდ, დაცვის სამსახურის უფროსს სძულს ძაღლები და გადაწყვიტა, რომ ეს ძაღლი მოეშორებინა. რამდენიმე ხნის წინ გამოიძახა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და მუნიციპალურ თავშესაფარში გადააყვანინა ძაღლი.
ძაღლის მეურვემ ყველაფერი გააკეთა, რომ მუნიციპალური თავშესაფრის თანამშრომლებს სტერილიზების შემდეგ უკან დაებრუნებინა ძაღლი. ვინაიდან ეს ქოფაკი აგრესიულობით არ გამოირჩევა და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის, ამიტომ ცხოველთა მონიტორინგმა სტერილიზაციის და ინდივიდუალური ნომრის მინიჭების შემდეგ უკან დააბრუნა ძაღლი.
დაცვის უფროსმა ძაღლის დანახვისას ჯერ თანამშრომელ ბიჭზე დაიწყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ემუქრებოდა სამსახურიდან გაშვებით. შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის ცხელ ხაზზე რეკავდა, რომ უკან წაეყვანათ ძაღლი. მუნიციპალურ თავშესაფარში უპასუხეს, რომ ძაღლს ჰყავს ოფიციალური მიმკედლებელი, გავლილი აქვს ყველა საჭირო პროცედურა, შემოწმებულია კინოლოგების მიერ და ის საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის, ამიტომ მას კანონის მიხედვით უფლება აქვს განაგრძოს თავის ტერიტორიაზე ცხოვრება. ამის შემდეგ დაცვის უფროსმა ძაღლის მოწამვლით დაემუქრა მიმკედლებელს.
სწორედ ამიტომ დაგვიკავშირდა ქოფაკის მეურვე და დახმარება სთხოვა ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს, როგორც უფლებადამცველს.
ჩვენი ჯგუფი მაშინვე მივიდა მითითებულ მისამართზე, თუმცა დაცვის უფროსი ადგილზე არ დახვდა.
გვინდა საჯაროდ მივმართოთ ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩვენს ქალაქში ზემოთაღნიშნული ობიექტის დაცვის უფროსის სახით დადის პოტენციური მკვლელი, რომელიც იმუქრება არააგრესიული, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ძაღლის მოკვლით, ამიტომ მიიღეთ შესაბამისი ზომები.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი
loading...

LEAVE A REPLY