დღეს, საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, „ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობისთვის“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ და საზოგადოებრივი პროექტის: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერთა „მორალური გუნდის“ სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს გადაეცა მიმართვა. რომელშიც ნათქვამია:

„გვაქვს პატივი, 12 მარტს, სწორედ იმ დღეს, 100 წლის წინ რომ შედგა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის სხდომა, გადმოგცეთ მეცნიერთა დიდი ჯგუფის მონაწილეობით შექმნილი კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენენლის ხსენების დღეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში გამართული კონგრესის გადაწყვეტილებათა კრებული „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ?“.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს დოკუმენტები ფართო განხილვის საგნად იქცევა საქართველოს პარლამენტში. მით უფრო, რომ, ერთი მხრივ, ეს არის მეცნიერთა მცდელობა, ვიფიქროთ ქვეყნის განვითარების კონცეფციაზე და, მეორე მხრივ, გელათის კონგრესის გადაწყვეტილებით, ამ კრებულში შეტანილია „ხალხის წერილი ხელისუფლებისა და ხალხის გასაგონად“, რომელსაც 10 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

განსხვავებით პოლიტიკური პარტიების, ცალკეული პოლიტიკოსების და მათ ირგვლივ შემოკრებილი ჯგუფებისა, ჩვენ ვთვლით, რომ თანამშრომლობას  ალტერნატივა არ აქვს  – ჩვენს სამშობლოს დიდი მომავალი ექნება, როცა შედგება ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უზენაესი საბჭოს წევრთა მიმართვა: „ხალხს ეს უნდა, სიტყვა ხელისუფლებაზეა“, რომელიც გამოქვეყნებულია ამ კრებულში და რაოდენ სამწუხაროა, რომ ორი წლის წინანდელი ეს მიმართვა დღემდე უყურადღებოდაა დატოვებული.

ამავე მიზანს ემსახურება ჩვენი წინადადება, დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი საბჭოსა და ყველა შემდგომი პარლამენტების წევრთა მონაწილეობით ასამბლეის შექმნის თაობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ ეს დღეს ჰაერივით სჭირდება პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოს და ეს იქნება  მძლავრი ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში.

შესაძლებლად ვთვლით, სწორედ 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, მოხდეს მისი დაფუძნება. კარგი იქნება, თუ ჩვენ ამ საკითხში ერთნი ვიქნებით – მოქმედი პარლამენტიც და წინა მოწვევის დეპუტატებიც. ეს მსოფლიო გამოცდილებაა. დემოკრატიულ ქვეყნებში აქტიურადაა გამოყენებული ნებისნიერი მოწვევის დეპუტატთა შესაძლებლობები.

კიდევ ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი: ჩვენ ამ დოკუმენტებში ვსაუბრობთ თაობათა ერთიანობის მიზნით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე; ვსაუბრობთ ემიგრანტთა დიდ დამსახურებაზე ქვეყნის წინაშე. მიგვაჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება თაობათა ერთიანობაც და საქართველოში დარჩენილთა და საქართველოდან წასულთა ერთიანობაც. მიგვაჩნია, რომ ემიგრანტთა პოლიტიკური უფლებები სრულად უნდა აღდგეს. მეტიც, საქართველოს პარლამენტში ემიგრანტებს თავიანთი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ.

თაობათა ერთიანობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ გამოთქმული მოსაზრება, მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნის თაობაზე. ჩვენი ისტორიაც ამას ეყრდნობოდა და ამის მაგალითი დავით აღმაშენებელმა მოგვცა.  ამ წინადადებას მეცნიერთა დიდი მხარდაჭერა აქვს და შეტანილია კიდევაც პროგრამულ დოკუმენტებში.

ბატონო ირაკლი, ველოდებით ჩვენი მოსაზრებებისა და წინადადებების საქმიან განხილვას და კონკრეტულ მოქმედებებს მათი რეალიზაციისთვის“

ქართული ერთობის დარბაზის

პრეს-ცენტრი

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი