დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი:

_ რუსთავი-2-ის საქმე არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმის შესაფასებლად, თუ ვისთვის რატომ იყო მიუღებელი თავის დროზე ნაცმოძრაობის მმართველობა.

კერძოდ, ვისთვისაც ამ ტელევიზიის აფილირება ნაცმოძრაობასთან და ნიკა გვარამიას დირექტორობა იმდენად მიუღებელია, რომ ამ ფონზე ვერ ხედავს ვერც მასმედიის თავისუფლების შელახვას, ვერც ერთი კაცის მიერ კონტროლირებად სასამართლოს, ვერც პოლიტიკური რეპრესიის მცდელობას და ვერც ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის საზიანო ქმედებებს ხელისუფლების მხრიდან, ან შეიძლება ხედავს კიდეც, მაგრამ უფრო ნაკლებ ბოროტებად მიიჩნევს, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისთვის ნაცმოძრაობა მიუღებელი იყო იმიტომ, რომ

ა) არის ანტიდასავლელი ან/და ფაშისტი და ქსენოფობი.

ბ) პირადად დაზარალდა ნაცმოძრაობის რეპრესიული მანქანისგან. შეიძლება სამართლიანად, შეიძლება უსამართლოდ, მაგრამ მიუღებლობის მოტივი ყველა შემთხვევაში არის პირადული.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე სხვა მოტივი ნაციონალების ხელისუფლების მიუღებლობისა ამ კატეგორიის ხალხს არ ჰქონია, რადგან ისინი, ვინც ნაცმოძრაობას ვუპირისპირდებოდით მასმედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო, დღესაც უყოყმანოდ ვართ რუსთავი-2-ის მხარეს. მიზეზი მარტივია: ჩვენი პოზიცია და ღირებულებები არ შეცვლილა. ჩვენ ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

P. S. ზემორე კატეგორიებში არ ჩამითვლია ხალხი, რომელიც ფულს ან რაიმე სარგებელს იღებს დღეს ამ ხელისუფლებისგან და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია სხვა ყველაფერი. ასეთები ყველა ხელისუფლების დროს არიან და ეჭვი მაქვს, კიდევ იქნებიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი