23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებენ, ისინი რიგრიგობით, გიორგის ზურგზე ახტებიან და აიძულებენ მიწას აკოცოს. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

 

ქართველი სამხედროს ჯგუფური წამება მობილური ტელეფონით გადაიღეს და შემზარავი კადრები მოგვიანებით ინტერნეტში გაავრცელეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ხაინდრავა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

„ვიდეოში ასახულია წამების ფაქტები, მაგრამ იმ მომენტში ის ჯერ კიდევ ცოცხალია. გენეტიკური ექსპერტიზა კი არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ თუ, როდის, როგორ და კონკრეტულად რა გარემოებებში გარდაიცვალა გიორგი. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, ამ ინფორმაციის მოპოვებას, 2009 წლის ოქტობერში, გავაგზავნეთ მოთხოვნა რუსეთის პროკურატურაში, რომ საქმე აღძრულიყო გიორგი ანწუხელიძის  წამებისა და მკვლელობის ფაქტზე. თუმცა, ჩვენ ადეკვატური პასუხი არ მიგვიღია და ექვსი თვის შემდეგ, გადავწყიტეთ ევროპის სასამართლოში სარჩელის შეტანა. გიორგისთან მიმართებაში საუბარია სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, წამების აკრძალვის პრინციპის დარღვევაზე, მისი თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე, და რაც მთავარია, ჩვენ ვდაობთ, რომ ყველა ეს უფლება დაირღვა დისკრიმინაციულ საფუძველზე, ანუ, იმიტომ დაიღვა, გიორგის და მისი ოჯახის წევრების უფლებები, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები და ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.“

რუსულ ინტერნეტ საიტებზე გავრცელებულია ქართველი სამხედრო ტყვე გიორგი ანწუხელიძის დაკითხვის ოქმი, რომელიც 2008 წლის 10 აგვისტოთია დათარიღებული. ოქმის მიხედვით, ტყვე ანწუხელიძე რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა დაკითხეს.

 

 

ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი ანწუხელიძე იყო. გიორგის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ ცხედარი საშინლად იყო დამახინჯებული.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელი „ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ“ წარმოებაში აქვს მიღებული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ აბაზაძის განმარტებით, არსებული პრაქტიკის მიხედვით, ვიდრე არ მოხდება ომთან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი განაცხადის, ანუ საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განხილვა, სტასბურგის სასამართლო ინდივიდუალურ სარჩელებს მანამდე არ განიხილავს.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წელს ახმეტაში დაიბადა და სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა. 2001 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, ჯერ თბილისში, მოგვიანებით კი სენაკში მსახურობდა. 2008 წლის მაისიდან ის ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო. 2008 წლის 18 აგვისტოს გიორგის 24 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვალებამდე მას ერთი შვილი ჰყავდა, ლევანი. ანა ანწუხელიძე გიორგის დაღუპვიდან 7 თვეში გაჩნდა.

 

წყარო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი