უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს მიუღებლად მიაჩნია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება და მოუწოდებს საქართველოს საგარეო უწყებას, გააკეთოს მასზე ოფიციალური განცხადება.

    გიორგი თევზაძე:  

– საქართველოსათვის მიუღებელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობის ინიციატივით გამოდის. მას შეუძლია, ავსტრიაში მოაწყოს კეთილმოწყობილი ლტოლვითა ბანაკები ლტოლვილებისათვის და საქართველოს თავი დაანებოს.

სებასტიან კურცის თქმით, დევნილები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უნდა მიიღონ და ასეთ ადგილად, ის საქართველოს, ეგვიპტეს, ან ბალკანეთის რომელიმე ქვეყანას მიიჩნევს. ამის შესახებ კურცმა გაზეთ „Bild am Sonntag”–თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვიმოგზაურე საქართველოში, აქ მშვენიერი გარემოა საამისოდ, მთავარია, მათ უზრუნველყონ ამ ადამიანების უსაფრთხოება და ევროპის მიმართულებით დაძრული ლტოლვილები ამ ბანაკებში გადამისამართდნენ“, – განაცხადა კურცმა. ავტრიის მინისტრის განმარტებით, ასეთი ცენტრები ლტოლვილთა საკითხებში გაეროს გენერალური კომისრის მონაწილეობით უნდა შეიქმნას.

ეს ყველაფერი გასაგებია და უკვე დავაფიქსირე, რასაც ვფიქრობ, მაგრამ ასევე საინტერესოა საქართველოს ხელისუფლების რეალური პოზიცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. მათი პოზიცია იქნება ტესტი იმისა, რამდენად ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ინტერესებზე და რამდენად ადექვატურად იღებს გადაწყვეტილებას ასეთ საკითხებზე მაშინ, როდესაც თავად  ჰყავს  თავისივე სამშობლოში სამასი ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი (ლტოლვილი)? როდესაც ეს ადამიანები ცხოვრობენ სიდუხჭირეში და ორი რეგიონი _ აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებულია რუსეთის მიერ?

თუ სირიელ ლტოლვილთა საქართველოში გადმოსროლისა და დაბანაკების საკითხი რაიმეთი უკავშირდება ჩვენთვის მონიჭებულ ვიზალიბერალიზაციას, პირდაპირ ვაცხადებ, ასეთი  ვიზალიბერალიზაცია არ გვჭირდება. ასეთი სახის გადაწყვეტილება დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ვიმედოვნებ, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს ინიციატივა მხოლოდ პირადი მოსაზრებაა და არა ევროკავშირის პოლიტიკის ნაწილი. ასეთ პოლიტიკას ქართველი ერი დადებითად ვერ შეაფასებს.

მივმართავ საქართველოს საგარეო უწყებას, გააკეთოს ოფიციალური განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოსათვის მიუღებელ განცხადებაზე, რათა მოსახლეობამ იცოდეს, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს მას თუ არა?“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი