,,სტატია მომპარეს!

(აღმოვაჩინე, რომ ჩემი სტატია სხვისი ხელმოწერით ვრცელდება “ფეისბუქში”. ამჯერად თავს შევიკავებ ქურდის ვინაობის გამხელისგან, მაგრამ იცოდეთ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი სტატიის, რომელიც შესაძლებელია სხვისი ხელისმოწერითაც შეგხვდეთ, ავტორი მე გახლავართ)”_ აცხადებს ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია. 

ახლა კი გაგაცნიბთ  სტატიას, რომელიც ბატონ ვალერის მოპარეს:

,,გარყვნილების ანგელოზები
(ანუ საკუთარი დედის გინებიდან საკუთარი დედის გაუპატიურებამდე)

საშინელი სათაური აქვს ამ წერილს, შემზარავი და ამაზრზენი. შინაარსი კიდევ უფრო საშინელია, ვინაიდან თვითონ სიტუაციაა ბინძური და შოკისმომგვრელი…
დედამიწის ზურგზე არსად, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ხალხში საკუთარი დედის მისამართით არ იგინებიან.
გინების ეს სამარცხვინო (მკრეხელური) ფორმა მხოლოდ საქართველოში არსებობს.
ოდნავ ზნეკეთილი კაცი არათუ საკუთარი დედის მისამართით, საერთოდაც არ უნდა იგინებოდეს, ვინაიდან არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება საგინებელი სიტყვა დედასთნ დააწყვილო დედა-შვილობის მადლისა ოდნავ მაინც თუ გცხია ან გესმის რამე…

რა საშინელი წასაკითხიც არ უნდა იყოს ის, რასაც ახლა დავწერ, ეს მაინც ასეა. საკუთარი დედის გინებასა და საკუთარ დედასთან სქესობრივ კავშირს შორს მაინც არის პატარა განსხვავება, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ამ განსხვავების, ამ ზღვარის მოშლაც სურთ და, მერე, როგორც გენიალური დოსტოევსკი იტყოდა: “ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია!”

უღმერთოების მოსურნე ძალები ყოველთვის იყვნენ. ღმერთთან ბრძოლის თემა ბიბლიიდან მოდის და დღემდე გრძელდება, მაგრამ მას არასოდეს მიუღია ისეთი საშიში სახე, როგორიც ახლა აქვს.
ბიბლიაში ღმერთთან ბრძოლის თემა ადამიანის დაცემის მაუწყებელი კი არა იყო, ადამიანის ღმერთთან გატოლების სურვილი, მისკენ სწრაფვის ნიშანი იყო. ამიტომაც გაუყადრა ღმერთმა თავი იაკობს. თვით მარქსისტული (ათეისტური) ბრძოლა ღმერთთან არ იყო ადამიანის დაცემის მაუწყებელი, ვინაიდან მარქსთან ღმერთი (როგორც ასეთი) უარყოფილი კი არ არის, ღმერთის სუბიექტური გაგება ჩანაცვლებულია ღმერთის ობიექტური გაგებით (ისტორიისა და მატერიის განვითარების კანონზომიერებით).

ღმერთთან ნამდვილი (უაღრესად საშიში და სახიფათო) ბრძოლა ახლა მიდის. ეს ბრძოლა, სინამდვილეში, ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლაა, ადამიანში ყოველივე ღვთაებრივის წინააღმდეგ, ანუ ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლაა. ესაა ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე რადიკალური და უკიდურესი გამოვლინება.
სოდომ-გომორის მკვიდრნი უშუალოდ ღმერთს კი არ აუჯანყდნენ, საკუთარ თავსა და ცხოვრების წესში ღვთაებრივს (ღვთაებრივ საწყისს) აუჯანყდნენ, რასაც ბიბლიისთვისაც კი უპრეცედენტო სასჯელი მოჰყვა.
რამდენი კაცთმოყვარე, წესიერი და ჰუმანისტი ათეისტი დადის ამ ქვეყანაზე, რომელიც მიწას არ ამძიმებს, მაგრამ მიწას ამძიმებს ყოველი, ვინც ადამიანში ზნეობისა და სინდისის (ანუ ღვთაებრივის) ჩაკვლას ცდილობს.

ადამიანში ღვთაებრივის ჩაკვლის უმთავრეს მექანიზმად სექსი აქციეს. იმიტომ კი არა, რომ სექსი თავისთავად არის არაღვთაებრივი აქტი, პირიქით, ადამიანთა შორის ღვთაებრივი და ამაღლებული სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხატულება იქნება სწორედ სექსი იყოს კიდეც. სწორედ ამიტომ არის ეს აქტი ყველაზე ტაბუირებული, ყველაზე დამალული და საკრალური აქტი ოდითგანვე. ეს ისეთი განსაკუთრებული სიახლოვე და ინტიმია, არათუ სხვათა თვალთაგან, საკუთარი თვალისგანაც დაფარვა რომ სჭირდება, ვინაიდან სწორედ სიშიშვლე და უხამსობაა მისი საკრალურობისა და ღვთაებრიობის უპირველესი მტერი. – არა იმრუშო, – სექსის აკრძალვას კი არ ნიშნავს, სექსუალური აქტის, როგორც ღვთაებრივი სიყვარულის კულმინაციური გამოხატულების ცხოველურ-ფიზიოლოგიურ აქტამდე ჩამოქვეითების აკრძალვას ნიშნავს. სექსუალური (ერთი შეხედვით, ხორციელი) აქტი ადამიანთა შორის მხოლოდ ხორციელი ურთიერთობის კულმინაცია კი არ არის, სულიერი ურთიერთობის კულმინაციაა. ამიტომაცაა, რომ სიყვარულში ღალატი, პირველ რიგში, სექსუალურ ღალატთან ასოცირდება. ცოლ-ქმარს შორის მომხდარი ღალატი (სხვასთან სარეცელის გაზიარება) ღალატის უკიდურეს ფორმად აღიქმება. ასეთი ღალატი ადამიანთა დაშორების აუცილებელი მიზეზი ხდება და, სხვათა შორის, არა ხორციელი (ფიზიკური) დაშორებისა, არამედ სულიერი დაშორებისა. ასეთი სახის ღალატის ჩამდენ ადამიანთან წარმოუდგენელი ხდება როგორც ხორციელი, ასევე სულიერი სიახლოვე.

ამიტომაც მოხდა ის, რომ ღმერთთან (ადამიანში ღვთაებრივ საწყისთან) მებრძოლმა მსოფლიო ძალებმა ამ საქმეში ყველაზე ძლიერ იარაღად ადამიანური ურთიერთობების სწორედ ეს ყველაზე საკრალური მხარე შეარჩიეს და არცთუ უსაფუძვლოდ. თუ მიაღწევ ადამიანებში ურთიერთობის ამ ფორმის დაცლას ღვთაებრივისგან, ასეთი ადამიანები არათუ ღმერთთან წილნაყარნი აღარ არიან, საერთოდ, ადამიანებიც აღარ არიან. ამ საშიში საქმის ორგანიზატორთა დევიზი და მიზანი ასეთია: აურიეთ ადამიანებს ღვთაებრივი სექსუალური წესრიგი და აირევა მთლიანად ადამიანი. ასეთი “ადამიანი” ცხოველივით ადვილი სამართავი გახდება…

ამ საქმეში წარმატებით ჩართეს ე.წ. “ჰომოსექსუალები”, მათი ფიზიოლოგური და ფსიქოლოგური პრობლემებით, რითაც სექსი დააშორეს სიწმინდეს, სიყვარულს, ამაღლებულს… სექსი დააბინძურეს და, შესაბამისად, ცდილობენ დააბინძურონ ადამიანთა ცხოვრების წესი. მათ ამისთვის გააჩნიათ ადამიანებზე ზემოქმედების მძლავრი თეორიული და პრაქტიკული ბერკეტები. დასავლურ სოციალურ-ფსიქოლოგიაში ცნობილია ე.წ. “ოვერტონის ფანჯარა”, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგმა ოვერტონმა შეიმუშავა გასული საუკუნის 80-იან წლებში. ესაა სოციალურ-ფსიქოლოგური სქემა იმისათვის, რომ სწორი მუშაობის შემთხვევაში ყველაზე წარმოუდგენელი რამე შეიძლება რეალობად აქციო. ოვერტონის მიხედვით, არსებობს ხუთი საფეხური, რომელთა გავლის შემდეგ, დღეს ყოვლად წარმოუდგენელი ხვალ შეიძლება სასურველად გახადო, ზეგ კი პოლიტიკად გამოაცხადო. ყოველივე ამის განსახორციელებლად არსებობს საშუალება, რომელსაც ფული ჰქვია და, რომელიც, როგორც ჩვენში ამბობენ, ჯოჯოხეთს ანათებს.

რამდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო გეიაღლუმების მოწყობა თბილისის ქუჩებში, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ის დღესაც ძალიან მიუღებელია თბილისის მოსახლეობისთვის, მაგრამ წარმოუდგენელი უკვე აღარ არის, ვინაიდან რაღაც ფორმით ეს უკვე მოხდა. ოვერტონის პრინციპი კი სწორედ ამაში მდგომარეობს. ხუთი საფეხური, რომლის შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდით, სწორედ ასე გამოიყურება. წარმოუდგენელიდან – რადიკალურამდე; რადიკალურიდან – მისაღებამდე;
მისაღებიდან – გონივრულამდე;
გონივრულიდან – პოპულარულამდე; პოპულარულიდან – რეალურ პოლიტიკამდე.

ქართული საზოგადოებისთვის დღეს, მაგალითად, წარმოუდგენელია ინცესტი (სისხლის აღრევა). ჩვენი საზოგადოებისთვის ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ მისი კანონით დარეგულირების აუცილებლობაც არ დგას. ამას კანონზე მაღალი ნორმა – ზნეობა არეგულირებს. ეს იმდენად ღრმად არის ცნობიერებაში, გენეტიკაში, ძვალსა და რბილში გამჯდარი, რომ რა ტიპის ავადმყოფი და დეგრადირებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, დედა-შვილობის, და-ძმობის, მამა-შვილობის, და, საერთოდ, ნათესაობის შებღალვას ვერც გულში გაივლებს და ვერც თავში. ინცესტის ჩამდენს, თუკი ასეთი საშინელება გამჟღავნდება, ჩვენი საზოგადოება არ იგუებს და მას ან ჩაქოლავენ, ან განკვეთილად ცხოვრება მოუწევს. რაც შეეხება რელიგიურ პოზიციას, ის არანაკლებ სასტიკია სისხლის აღრევასთან დამოკიდებულებაში, ვინაიდან მიიჩნევს მას ადამიანურ ცოდვათა შორის უმძიმესად. არის კიდევ ერთი პოზიცია – სამედიცინო. სამედიცინო თვალსაზრისით დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ სისხლის აღრევის შედეგად იბადებიან ანომალური სხეულისა და ფსიქიკის მქონე ბავშვები. მოკლედ, ეს უბედურება, რასაც სისხლის აღრევა ჰქვია, დაგმობილია ყველა კუთხით, რა კუთხითაც შესაძლებელია მისი განხილვა. ამას გარდა, ინცესტი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და კანონით ისჯება.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ სათქმელს. ინცესტი, რომელიც ყველასა და ყველაფრის მიერ დაგმობილია და ქართული ცნობიერებისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენაა, ოვერტონის სქემის მიხედვით ხვალ შეიძლება წარმოუდგენელის გრაფადან რადიკალურის გრაფაში აღმოჩნდეს, ანუ ცოტათი უფრო მისაღები გახდეს, ვიდრე დღეს არის. ეს შესაძლებელი გახდება თუკი საქართველოში შექმნიან თუნდაც პატარა (რამდენიმე წევრისგან შემდგარ) ჯგუფს, რომელსაც მედია “გააპიარებს”, ანუ დროს დაუთმობს და საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ წარმოუდგენელ მოვლენაზე, როგორც მისაღებზე, როგორც დასაშვებსა და ცივილიზებულზე აალაპარაკებს. საზოგადოება მისთვის წარმოუდგენელ ამ საშინელებას, მართალია, ამგვარი საუბრების შემდეგაც გაემიჯნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოხდება ის, რომ ყური ამას მიეჩვევა. ცოტა ხნის შემდეგ თუ გამოჩნდება მეცნიერთა ასევე პატარა ჯგუფი, რომელიც მოაწყობს სამეცნიერო ღონისძიებას (ლექციას, პრესკონფერენციას, სიმპოზიუმს) და დაიწყებს მტკიცებას, რომ სისხლის აღრევის შედეგად არ ჩნდებიან ანომალიური ბავშვები, რომ სისხლის აღრევის აკრძალვა არის რელიგიური სიბნელის შედეგი და ა.შ. ამ თემას ტაბუ მოეხსნება და იგი წარმოუდგენელის გრაფადან რადიკალურის გრაფაში თუ იყო გადმოჩოჩებული, აქედან უკვე მისაღების გრაფაში გადმოინაცვლებს. ხოლო ამას თუ მოჰყვება პოპულარული სოციოლოგური ჯგუფების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, აღმოჩნდება, რომ სისხლის აღრევა, რომელიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის წარმოუდგენელის გრაფაში იმყოფებოდა, იმავე საზოგადოების რაღაცა ნაწილისთვის გონივრულის ან სულაც პოპულარულის გრაფაში გადმოსულა და, ამიერიდან, ვინც ინცესტის წინააღმდეგ ხმის ამოღებას გაბედავს (სამოქალაქო საზოგადოება იქნება ის თუ ეკლესია), მათ მიერ მარგინალურ, არაცივილიზებულ, ბნელ ძალად მოინათლება. მთელი ამ პროცედურის ჩატარება ძალიან მოკლე დროში შეიძლება, თანაც არაკოლოსალური ხარჯებით. აქ საჭიროა რამდენიმეკაციანი (მყვირალა და უტიფარი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული) ჯგუფის დაფინანსება, სადაც შევლენ ისეთივე ტიპები (ვითომ მწერლები, ვითომ მეცნიერები, ვითომ ხელოვნების წარმომადგენლები), რომლებიც დღეს ე.წ. ლგბტ-ს დემაგოგებად გვევლინებიან.
დასაფინანსებელია “მეცნიერთა” ჯგუფი, რომელიც ამას მეტ-ნაკლებად მეცნიერულად შეფუთავს; დასაფინანსებელია მედიაჯგუფი, რომელიც ამას გააპიარებს;
დასაფინანსებელია “აირაის” ან “ენდიაის” მსგავსი სოციოლოგიური ჯგუფი, რომელიც სისხლის აღრევის პროპაგანდით უკიდურესად აღშფოთებულ საზოგადოებას სოციოლოგიურად “დაუმტკიცებს”, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, თურმე, სიხარულითაც კი ხვდება ამ “პროგრესული” მოვლენის დანერგვას და, მორჩა – სატანის თაიგულიც მზად არის!

ინცესტი, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის სადღეისოდ წარმოუდგენელი მოვლენა იმის სამაგალითოდ მოვიტანე, თუ როგორ შეიძლება ეს საშინელება ხვალ უკვე მისაღები გახადონ იმ ძალებმა, რომლებიც ამას მოისურვებენ.
ვიღაცა მკითხავს, თუნდაც მაგალითის სახით რამ გაგახსენა ეს შემზარავი მოვლენაო. უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ინცესტის ლეგალიზების საკითხს განიხილავს.
ევროპული პოლიტიკოსები ინცესტზე, როგორც “გენდერულ ნორმაზე” საუბრობენ. ბევრი მათგანის აზრით, “ჰომოფობიასთან” ერთად საჭიროა “ინცესტოფობიის” ცნების შემოღებაც. “ახალი გენდერული საზოგადოება” ინცესტის ლეგალიზებას თავდაპირველად შვედეთში, დანიასა და შვეიცარიაში გეგმავს. ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილის აზრით, “გენდერულ ნორმად” უნდა გამოცხადდეს სქესობრივი კავშირები მშობლებსა და შვილებს, დებსა და ძმებს შორის. ამასთანავე, ყველა “ინცესტოფობი” უნდა დაისაჯოს.

აი, ასეთი გახლავთ ანტიქრისტეს მოსვლა დასავლეთში, საიდანაც იგი, მართალია, რამდენიმე წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად გამოგვეცხადება. გამოვა მერე რომელიღაცა საცოდავი მღვდელი ქრისტეს ჯვრით ხელში და ჩაარტყამს იმ ჯვარს სატანის მოციქულს ბნელი აზრებით გამოტენილ თავში. აყვირდებიან დანარჩენი მოციქულები, – საქართველო თეოკრატიისკენ მიექანებაო. სახელმწიფოს კი იმის შნო არ ექნება, განაცხადოს, რომ ის მღვდელი თეოკრატი კი არ არის, ზნეობის დამცველიაო, ვინაიდან ხელისუფალნი სწორედ იმ ძალებზე არიან დამოკიდებულნი, რომლებიც დასავლეთიდან ამ სიბინძურის ექსპორტს ეწევიან. საზოგადოების ერთი ნაწილი მღვდლებს აკრიტიკებს და იმაზე არ ფიქრობს, თუ რატომ დასჭირდათ მათ ხელჩართული ბრძოლის გამართვა სიბინძურის მთესველ ავაზაკებთან, გარყვნილების მქადაგებელ ავ სულებთან, ზნეობის წინააღმდეგ ამხედრებულ ბნელ ძალებთან, ღმერთთან მებრძოლ ანტიქრისტეს მხარდამჭერებთან. მღვდელმა ეკლესიაში უნდა ილოცოს და იქადაგოს, მაგრამ ის ქუჩაში მაშინ გამოდის ჯვრით ხელში, როდესაც სახელმწიფო უუნაროა აკრძალოს ის, რის აკრძალვასაც ღმერთიც ადგენს და ზნეკეთილი საზოგადოებაც.

როდესაც პარლამენტი გარყვნილების მხარდამჭერი დეპუტატებით არის სავსე, რომელთა მიერ მიღებული კანონები დაპირისპირებაში მოდის ზნეობასთან და ადამიანურობასთან, მღვდელს აღარაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ ხელში მძიმე ჯვარი დაიჭიროს და ფიზიკურად აღუდგეს წინ პოლიტიკურად, სამართლებრივად და ფინანსურად წახალისებულ და მხარდაჭერილ სატანს. – ძალადობა დაუშვებელიაო, – გაჰკივიან გარყვნილების ანგელოზები. ძალადობა, რა თქმა უნდა, დასაგმობია, მაგრამ პირველ რიგში ის ფსიქიკაზე ძალადობაა დასაგმობი, რომელსაც ეს ცოდვის შვილები საზოგადოებზე ახდენენ და რომელი ძალადობაც, იმ შემთხვევაში, როდესაც მისგან კანონი ვერ იცავს საზოგადოებას, ბადებს სტიქიურ წინააღმდეგობას, რასაც გარყვნილების ანგელოზები ძალადობად ნათლავენ.

ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რატომ ადარებ სატანას ადამიანებს, რომლებიც ბუნებამ ასეთებად გააჩინაო, ისინი ხომ არავის არაფერს უშავებენო. ძალიან მკაცრად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანები, რომლებსაც სექსუალური ორიენტაციის პრობლემა აქვთ და ის ძალა, რომელიც ბუნების ამ შეცდომას საზოგადოების გასარყვნელად იყენებს. მათთვის, ვინც არ იცის თუ რა სახის წარღვნით ემუქრებიან ისინი საზოგადოებრივ ცნობიერებას, მოვიტან რამდენიმე ამონარიდს ჰომოსექსუალისტების ე.წ. მანიფესტიდან, რომელიც ყველა ენაზე ვრცელდება ინტერნეტში:

“ჩვენ სექსუალურად გამოვიყენებთ თქვენს შვილებს. ჩვენ გავრყვნით მათ თქვენსავე სკოლებში, საერთო საცხოვრებლელში, გინმაზიებში, გასახდელებში, სპორტდარბაზებში, სემინარიებში, ახალაზრდულ ჯგუფებში, კონოთეატრების ტუალეტებში, ჯარისკაცთა ყაზარმებში, სასტუმროებში, მამაკაცთა კლუბებში, პარლამენტების შენობებში, ყველგან, სადაც მამაკაცი შეიძლება მეორე მამაკაცს შეხვდეს.”

“ქალებო, იოცნებეთ თავისუფლებაზე, ჩვენ წაგართმევთ თქვენ მამაკაცებს, ჩვენ მივანიჭებთ მათ აქამდე არნახულ კმაყოფილებას, რადგან სინამდვილეში მხოლოდ მამაკაცმა იცის როგორ მოხიბლოს მეორე მამაკაცი. მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ ჩაწვდნენ მამაკაცის გრძნობათა და განცდათა სიღრმეს, მის გონსა და მის სხეულს.”

“თქვენს კანონებს, რომლებიც კრძალავენს ჰომოსექსუალიზმს, შევცვლით. ახალი კანონმდებლობა წაახალისებს სიყვარულს მამაკაცებს შორის. ჰომოსექსუალები ერთმანეთს მხარში დაუდგებიან. ჩვენ ერთიანნი ვიქნებით პოლიტიკურად, სოციალურად, ფინანსურად, ჩვენ ვიქნებით მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივაღწევთ ტრიუმფს, როდესაც ჩვენს ერთიან სახეს ვუჩვენებთ ჩვენს ბოროტ და დაუძინებელ მტრებს – ჰეტეროსექსუალებს (ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრებს). თქვენ თუ გაბედავთ და ჩვენ პედერასტებსა და ცისფერებს დაგვიძახებთ, ჩვენ გაგანადგურებთ თქვენ და შეურაცხვყოფთ თქვენს მკვდარ, არარაობა სხეულებს.”

“ჩვენ დავწერთ ლექსებს მამაკაცების სიყვარულზე, დავდგამთ სპექტაკლებს, გადავიღებთ ფილმებს, სადაც მამაკაცები ღიად და თავისუფლად კოცნიან ერთმანეთს და ყოველივე ამით ჩავანაცვლებთ თქვენს იაფფასიან, ხელოვნურ, სენტიმენტალურ, ინფანტილურ, მოსაწყენ ჰეტეროსექსუალურ ვნებებს.”

“ჩვენ იუმორისა და სატირის გამოყენებით სასაცილოდ (დასაცინად) ვაქცევთ ჰეტეროსექსუალურ კავშირებს. ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ პროფესიონალურად. ჩვენ მოვიხსნით ნიღბებს და თქვენ შეგძრავთ და შეგაშინებთ ის, რომ თქვენი პრეზიდენტები, თქვენი სენატორები და მერები, თქვენი გენერლები და კონოვარსკვლავები, თქვენი ტელეწამყვანები და საზოგადო მოღვაწეები, თქვენი მღვდვლები და ბიზნესმენები, თურმე, ჰეტეროსექსუალები არ ყოფილან, როგორც თქვენ აქამდე გეგონათ. ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ შემოვაღწიეთ თქვენს რიგებში. ფრთხილად იყავით, რადგან ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ და თქვენს შორის ვართ. შესაძლებელია, რომ ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ, ან თქვენთან ერთად ერთ საწოლში ვწევართ.”

“კომპრომისი არ იქნება. ჩვენ უსახურ საშუალო კლასს კი არ წარმოვადგენთ, ბუნებით ინტელექტუალები და არისტოკრატები ვართ. ცისფერი სისხლი დათმობაზე არასოდეს მიდის. ვინც ჩვენ წინააღმდეგ აღსდგება, დამარცხდება. ჩვენ ფეხზე დავაყენებთ უზარმაზარ კერძო არმიას, რათა გაგანადგუროთ თქვენ. ჩვენ დავიპყრობთ მსოფლიოს, ვინაიდან ჯარისკაცები, გაერთიანებულნი და გასხივოსნებულნი ჰომოსექსუალური სიყვარულითა და პატივისცემით, მოუხელთებელნი არიან ვითარცა ძველი ბერძენი მეომრები.”

“ოჯახი – ეს სიცრუის, პირფერობის, ღალატისა და სისასტიკის ბუდე, მოიშლება. ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც წამლავს წარმოსახვას და ფრთებს კვეცავს თავისუფალ ნებას, დაინგრევა. გენეტიკურ ლაბორატორიებში მოხდება ჩასახვა და აღმოცენება სრულყოფილი ბიჭუნებისა. ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ გვგმობს, დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთი ყმაწვილი იქნება. ჩვენ მიჯაჭვულნი ვართ სილამაზისა და ესთეტიკის კულტთან. ყველაფერ მახინჯს, ვულგარულს და ბანალურს მოვსპობთ. ჩვენთვის უკიდურესობაც კი ძალიან ცოტაა…”

თავი კოშმარულ სიზმარში ხომ არ გგონიათ, პატივცემულო მკითხველებო?! ეს მანიფესტი საკმაოდ ვრცელია. აქ იმდენი საშინელება წერია, რომ არ შეიძლება არ შეგძრას და არ შეგაშინოს. ისინი სწორად გვაფრთხილებენ ამასთან დაკავშირებით. არავინ იცის, საიდან, როდის ან რა ფორმით მოვა აპოკალიფსისი. ამას რომ კითხულობ, წარღვნა და ცუნამი დილის ცვარ-ნამად მოგეჩვენება იმასთან შედარებით, რა საშინელებაც თურმე შეიძლება დატრიალდეს ადამიანის ცნობიერებაში:

“ჩვენ გადავწერთ ისტორიას, რომელიც თქვენ აავსეთ და განადიდეთ ჰეტეროსექსუალური სიცრუითა და გადახრებით. ჩვენ ფართოდ გავაშუქებთ უდიდესი ლიდერებისა და მოაზროვნეების ჰომოსექსუალობას, რომლებმაც შექმნეს ცივილიზაცია. ჩვენ მოვახდენთ ჰომოსექსუალობას, ინტელექტსა და შემოქმედებას შორის ურღვევი კავშირის დემონსტრირებას… ჩვენ გავიმარჯვებთ!”

“ჩვენ გვეყოფა ნებისყოფა, რომ გამოვიყენოთ იარაღი და აღვმართოთ ბარიკადები საბოლოო რევოლუციისათვის. თრთოდეთ ჰეტეროღორებო, ვინაიდან ჩვენ უნიღბოდ წარსვდგებით თქვენს წინაშე!”

ეს ე.წ. მანიფესტი პირველად ამერიკულ ჟურნალში – “Cey Community News”გამოქვეყნდა 1987 წლის თბერვალში, ხელმოწერით – მაიკლ სვიფტი.

აქ შეუძლებელია არ გაგახსენდეს ამერიკული სპეცსამსახურების მამის – ალენ დალესის დოქტრინა, რომელიც 1945 წლით არის დათარიღებული და ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. აი, ზოგიერთი ამონარიდი ამ დოქტრინიდან:

“დამთავრდება ომი, ყველაფერი როგორღაც დალაგდება, მოეწყობა და ჩვენ ყველაფერს, რაც კი გვაბადია… მთელ ოქროს, მტელ მატერიალურ ძლიერებას გადავისვრით ხალხის გამოსათაყვანებლად.
ადამიანის ტვინი, ხალხის შეგნება შეიძლება შეიცვალოს. იქ (საბჭოთა კავშირში – ვ.კ.) ქაოსს შევქმნით, ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ, იწამონ ეს ყალბი ფასეულობანი. როგორ? ჩვენ ვიპოვით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანამშრომლებსა და მოკავშირეებს თვით რუსეთში, ერთი მეორეზე მიყოლებით ეპიზოდებად გათამაშდება თავისი მასშტაბებით გრანდიოზული ტრაგედია ყველაზე უფრო ურჩი ხალხის დაღუპვისა და მისი თვითშეგნების საბოლოოდ ჩაქრობისათვის. ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჩვენ თანდათან მოვუსპობთ მათ სოციალურ არსს. ხელოვანთ გადავაჩვევთ, ჩავუკლავთ მისწრაფებას – შექმნან სახეები, გამოიკვლიონ პროცესები, რომელთაც ადგილი აქვს ხალხთა მასების წიაღში. ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე უფრო მდაბალი გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და შევაქებთ ეგრეთ წოდებულ მხატვრებს, ხელოვანთ, რომლებიც დანერგავენ ადამიანის შეგნებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის, გამცემლობის კულტს, ერთი სიტყვით, ყველაფერ ამორალურსს. ჩვენ შეუმ,ჩნევლად, მაგრამ აქტიურად და მუდმივად შევუწყობთ ხელს ჩინოვნიკების, მექრთამეების თავნებობას, უპრინციპობას. ბიუროკრატიზმი აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე… პატიოსნება და წესიერება გამასხარავებული და არავისთვის საჭირო აღარ იქნება, იგი წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა… უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და მაწანწალობა, ლოთობა და ნარკომანია, ნაციონალიზმი და ხალხთა შორის მტრობა – ყველაფერი ეს ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით. მხოლოდ ზოგიერთნი მიხვდებიან და გაიგებენ კიდეც, თუ რა ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ ჩავაყენებთ არამოდურ მდგომარეობაში და ქვეყნის სასაცილოდ გავხდით, მოვძებნით ხერხს, რომ მათ ცილი დასწამონ და ისინი საზოგადოების ნაძირალებად გამოაცხადონ… ჩვენ ვიბრძოლებს ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებს და კოსმოპოლიტებს. აი, ასე მოვიქცევით ჩვენ!”
ალენ დალესი, 1945 წელი.

ბიბლიური ურწმუნო თომას სინდრომი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც წამოგებულნი არაიან დასავლური პროპაგანდის ანკესზე და არ სურთ ამ ანკესიდან თავის დახსნა, მაგრამ ჰომოსექსუალთა თანამედროვე დეკლარაციისა და თითქმის შვიდი ათეული წლის წინ ალენ დალესის მიერ ჩამოყალიბებული დოქტრინის გაცნობის შემდეგ, ადამიანი, მთლად რეგვენი თუ არ არის, მიხვდება, რომ ამ ორ დოკუმენტს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. უფრო სწორად, მსოფლიო რევოლუცია, რომელსაც ჰომოსექსუალები გვპირდებიან, აშშ-ის საიდუმლო დოქტრინის შემადგენელი ნაწილია. თავისთავად ე.წ. “ლგბტ” პრობლემა არავის ადარდებს. იგი მსოფლიოს წინააღმდეგ საიდუმლო პოლიტიკური ბრძოლის (მსოფლიოს დაპყრობის) ერთ-ერთ ინსტრუმენტად არის გამოყენებული. – ზოგიერთები მიხვდებიან რა სიბინძურესაც ჩავდივართ, – აცხადებს ალენ დალესი, – მაგრამ ჩვენ მათ ჩავაყენებთ არამოდურ, სასაცილო მდგომარეობაში, – ამბობს ის.

საფრანგეთში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ, მაგრამ მათგან ძალიან ცოტა ჩაწვდა ამ ბინძური მოვლენის ჭეშმარიტ არსს. 2013 წლის 29 მაისს საფრანგეთის მოქალაქეთა ერთი ჯგუფი პარიზში რუსეთის საელჩოსთან მივიდა ლოზუნგით, – “რუსეთო, იხსენი ჩვენი სულები!” ამ ადამიანებმა გააცნობიერეს ის, რომ “ლგბტ” რევოლუცია ჰომოსექსუალთა პრობლემის გადაწყვეტა კი არ არის, საზოგადოებრივი ცნობიერების მასობრივი განადგურების იარაღია – ატომურ ბომბზე გაცილებით ძლიერი და საშიში იარაღი. ისინი იმასაც მიხვდნენ, რომ ამ იარაღის შეკავება დღეს მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია, ვინაიდან მართლმადიდებლობას ჰყავს ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია. ამიტომაც მივიდნენ ეს ადამიანები რუსეთის საელჩოსთან საფრანგეთის მოქალაქეების სულების გადარჩენის გზების საძიებლად…

ფრანგმა ისტორიკოსმა და მწერალმა, 78 წლის დომინიკ ვენერმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, საკურთხეველთან, ასეულობით ტურისტისა და მომლოცველის თვალწინ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების გამო პროტესტის ნიშნად. “ახლა წყდება ჩვენი ბედი. ეს ის წამია, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიყოთ ის, რაც ვართ”, – ეს მწერლის უკანასკნელი სიტყვებია. ვის შეიძლება ენა მოუტრიალდეს და თქვას, რომ მხცოვანმა მწერალმა და მეცნიერმა თავი “ლგბტ”-ს მიერ შექმნილი პრობლემების გამო მოიკლაო. არა, ბატონებო, ამ დიდმა შემოქმედმა და არა მარტო მისი ხალხის, არამედ ზოგადად კაცობრიობის პატრიოტმა, თავი იმავე კაცობრიობის გასაფრთხილებლად და გამოსაფხიზლებლად მოიკლა, რომელ კაცობრიობასაც ალენ დალესის სულიერი შვილები გარყვნით და გადაგვარებით ემუქრებიან. ალენ დალესის ეს ნაბიჭვრები საქართველოშიც ბლომად არიან. მათი საქმე დაცინვა და ქირქილია. მათ მწვანე შუქი აქვთ მედიასაშუალებებში, სადაც დაუღლელად და გაუთავებლად დასცინიან საზოგადოებას, ეკლესიას, ტრადიციებს… ისინი საკუთარ დედებს არიან მიძუძგურებულნი თავიანთი გარყვნილი თვალებით და ცნობიერებით. შემდეგ კი ეს მათი ბილწი ხილვანი და ზრახვანი ქაღალდზე გადაქვთ და ღვიძლი დედის მიმართ სექსუალური ლტოლვის ამსახველ ამ “ლიტერატურულ” ნაცოდვილარს მწერლობასა და პოეზიას არქმევენ. მათსავით გარყვნილი ქართულენოვანი (და არა – ქართული) მედიასაშუალებანი კი მათი უბადრუკობის ტირაჟირებით არიან გართულნი და ასე, ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად რყვნიან ერს, ეროვნულ ცნობიერებას.

ამასობაში, რომელიღაცა იდიოტი ქართველი ახალგაზრდა საკუთარი დედის მისამართით ბილწად იგინება და აინუშიაც არ მოსდის ის ამბავი, რომ დღეს სიტყვით ნათქვამი სიბინძურე ხვალ შეიძლება საქმითაც გააკეთებინონ მის მიერ გაფეტიშებულ დასავლურ პოლიტიკურ ლაბორატორიებში შექმნილი ვერაგი პროგრამებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვირუსების შესაბამისად…

ვალერი კვარაცხელია
საინფორმაციო სააგენტო “ივერონი”, 2011 წელი”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი