ისევ, უკვე ბოლო ერთი წლის მანძილზე, მესამედ უნდა გამოვეხმაური შეუწყალების საკითხს. ჯერ იმას აღვნიშნავ, რომ უნდა აცალოთ გარდაცვლილს გაცივება, ოჯახს გლოვა. ასე ვაკეთებთ მუდამ, ატყდება ახლა გადაცემები, შეხვედრები არასამთავრობოებთან… არ შეიძლება ეს ყველაფერი მოგვიანებით, ერთი კვირის ან თვის შემდეგ? თუ დაგვავიწყდება? რას საუბრობს ახლა პრეზიდენტი არასამთავრობოებთან? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ბოდიში და სიჩუმე სჯობს?

გადადგომაზეა მოწოდებები. ვერავის მოვუწოდებ. ყველას შეიძლება მოუვიდეს და პირადი გადასაწყვეტია. თუმცა, უნგრეთის პრეზიდენტი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი პლაგიატის გამო გადადგნენ.

ეს სხვა თემაა, მაგრამ ჩემს წინა ორ ბლოგზე ვერ მივიღე პასუხები, ვერც შედეგები ვიხილე და ისევ გავუსვამ ხაზს მთავარ გარემოებას.

ანუ იმსჯელებთ, რაღაცას გადაწყვეტთ და შემდეგ ისევ გააგრძელებთ?

რა უნდა დააზუსტოთ, როცა მთავარზე არ საუბრობთ?

მესამედ მოგმართავთ: შეცვალეთ კონვეირული მეთოდით შეწყალებების შტამპვა.

ლექციას გვიკითხავს ჩინოვნიკი_ მხოლოდ დასჯით შორს ვერ წავალთო. ასე უტვინოებად გვთვლით? შარშან დავწერე და გაგიმეორებთ სტატისტიკას.

რამდენიმე წლის განმავლობაში კომისიამ 3 ათასზე მეტი ადამიანი შეიწყალა. აბა ნახეთ რა მუხლებია. ვინმემ დაგვდო პატივი და მოგვაწოდა ანალიზი?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 52 ნარკორეალიზატორი (ბარიგა რომ არ გაგიტყდეთ) იქნა შეწყალებული. რაზე საუბრობთ საერთოდ?

შარშან კომისიამ 831 ადამიანი შეიწყალა. წელიწადში 245 სამუშაო დღეა. შესაბამისად, ყოველ დღე, ვიმეორებ, ყოველ დღე, კომისიის ყოველ წევრს უწევს 3-4 საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.

შესაძლებლად მიგაჩნიათ, ყოველ დღე 3-4 ადამიანის საქმე ხარისხიანად შეისწავლო და გადაწყვეტილება მიიღო?

ესაა კონვეირული მეთოდით მუშაობა. ეს უნდა შეიცვალის პირველ რიგში და არა ის, ვისზე უნდა გავრცელდეს და ვისზე არა პრეზიდენტის უფლება.

ისე, მოძალადეებს და ნარკორეალიზატორებს რომ იწყალებთ, ქალები და ბავშვები იხდიან სასჯელებს, მამაკაცებს შორისაც არიან მსუბუქი დანაშაულის გამო. პრეზიდენტს ყველა პირის შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს და მორალური სტანდარტები უნდა განსაზღვრავდეს ვინ შეიწყალოს და ვინ არა. კომისიის ყველა წევრი კი ყველა კანდიდატის საქმეს პირადად უნდა ეცნობოდეს და ისე იღებდეს და არა ორ განაწერიანი რეკომენდაციების საფუძველზე, როგორც ხდება.

კიდევ ავხსნი: მოდიხარ სამსახურში, გხვდება 3 ან 4 კაცზე რეკომენდაცია. დღის ბოლომდე უნდა მოასწრო ყველა მათგანის გარემოებების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება. თუ ვერ მოასწრებ, ხვალ ისევ შემოვა უკვე სხვა 3-4 ადამიანზე იგივე რეკომენდაცია. და ასე, 245 დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის და უქმეების გამოკლებით ამდენი რჩება).

კომისიის არცერთ წევრზე არც კი ვუშვებ ცუდის გაფიქრებას. ზოგს ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ, თვითონ კომისიის მუშაობის ფორმა, ტემპი და მეთოდები არის ფორმალური, ანუ კონვეირული და ვერ უზრუნველყოფს საქმეების სათანადოდ შესწავლას. ამ საკითხის მოწესრიგებაზე იმსჯელეთ და ისიც გაარკვიეთ, ვინ და რატომ იძლევა მუშაობის ასეთ ტემპს და მოცულობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი