ეკონომიკის მეცნიერებათა  დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა – ლამარა ქოქიაურმა

და ადვოკატმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა – მარინა კორძაძემ

საინტერესო კვლევა ჩაატარეს ქართულ ვალუტასთან, ლართან მიმართებაში და კომპეტენტური პასუხი გასცეს საზოგადოების კითხვას: როგორ ვუშველოთ ლარს!?

„2016 წლის 01 დეკემბერს, ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით  შემდეგი სახის განცხადება  გაავრცელა: “დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ – დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის მერე. ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას. ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული“.

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არის ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი, რომლის ცვლილებები დამოკიდებულია საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე და მოლოდინებზე. საქართველოს მთავრობამ  განმარტა ლარის კურსის დროებითი ცვლილებით გამოწვეული შემდეგი ძირითადი ფაქტორებიც:
1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით;
2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით.
3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორების პარალელურად ჩვენს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ იზრდება. მეტიც, გასულ თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ფასების კლება დაფიქსირდა. ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად დგას, ეფუძნება სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას. –აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას, მათ შორის:

1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე – გაიზრდება ინფრასტუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;

2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.
შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.“

2016 წლის დეკემბერში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა  კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად  2016 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით  შეადგინა1 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1,8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ფასები 13,1 პროცენტით გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე.

ზემოაღნიშნულის  და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, ლარის კურსის  მკვეთრი ცვლილებები გამოწვეულია  როგორ გარე, ისე შიდა ფაქტორების  ზეგავლენით. თუმცა ლარის დევალვაციის ასეთი მკვეთრი პროცენტი იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შიდა ფაქტორების გავლენა 70%–მდე აღწევს, რაც დაძლევადია  საქართველოში რეალური ეკონომიკური  პროგრამის  განხორციელების საშუალებით. ლარის კურსის  მკვეთრი ცვლილებების შესაჩერებლად, გადაუდებლად საჭიროდ მიგვაჩნია ეკონომიკის რეალური სექტორის: მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი წარმოების დარგების და ა.შ. დაჩქარებული განვითარება. ჩვენი წინადადების დასაბუთებისთვის მოვიტანთ შემდეგ არგუმენტს: ისეთი ზესახელმწიფოს ფულადი ერთეულის ვარდნასაც კი, როგორიც ჩინეთია, ეკონომიკის ზრდის დამუხრუჭებით ხსნიან. მისი ეკონომიკა სტაგნაციას რამდენიმე თვეა განიცდის.

მსოფლიოს სიდიდით ნომერი მეორე ეკონომიკის ქვეყნის მთლიანად ფინანსური ბაზრის და ეროვნული ვალუტის, იუენის მკვეთრად დასუსტებას ხელი შეუწყო ბოლო დროს ჩინეთიდან გამოსულმა სუსტმა მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, როგორიც არის მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდის ტემპის შენელება, სამომხმარებლო ფასების ზრდა, ექსპორტ-იმპორტის მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელი და ა.შ.  თვით ჩინელმა ანალიტიკოსებმა ბაზრის კოლაფსი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭებით ახსნეს. 2009 წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა მკვეთრად შენელდა. შესაბამისად, იკლო კომპანიების წლიურმა მოგებამაც. ამავე დროს, ჩინეთშიც უარი არ უთქვამთ ე.წ. საგარეო ფაქტორების ზემოქმდებაზეც, კერძოდ, მსოფლიოში ნედლეულზე ფასების ვარდნა. ნავთობის მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლების გარდა, ნავთობის გაიაფებაზე გავლენა ჩინეთის აქციების ფასის ერთბაშად 8%-იანმა ვარდნამ იქონია. ანალიტიკოსების განცხადებით, ჩინეთის ბირჟას ერთდღიანი ვარდნის ასეთი შედეგი ბოლო 8 წელია არ ახსოვს.

რაოდენ ღიმილის მომგვრელადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ამ დიდ ქვეყანაში ქვეყნის მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს შორის, არაფრის მომტანი კინკლაობა კი არ გაჩაღდა დამნაშავის ძიებისთვის, არამედ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ორჯერ ზედიზედ მიიღო საპროცენტო განაკვეთების შემცირების გადაწყვეტილება. ჩინეთის სახალხო ბანკმა საპროცენტო განაკვეთები რეკორდულ ნიშნულამდე დასწია. კომერციული ბანკების შემთხვევაში, ერთწლიანი კრედიტით სარგებლობისას საპროცენტო განაკვეთი 25 პროცენტით შემცირდა და მისი მაჩვენებელი 2,5%-დან 5,35%-მდე მერყეობს. ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა დაკრედიტების წახალისების მიზნით დაგეგმა, რაც ეკონომიკის სტიმულაციისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ამგვარი ნაბიჯები ჩინეთის ცენტრალური ბანკისგან ახალი არ არის. 2016 წლის დასაწყისში მთავარმა ბანკმა ეკონომიკისა და ბანკებში დაკრედიტების წასახალისებლად კომერციული ბანკებისთვის სავალდებულო რეზერვების შემცირების გადაწყვეტილებაც მიიღო (ამას ჩვენი, ეროვნული ბანკის საყურადღებოდ ავღნიშნავთ). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ბანკებს სხვადასხვა კრედიტების გასაცემად ფული გამოუთავისუფლდებათ. უფრო მეტიც, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთმა ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტებიც შეცვალა და ხარჯების გადახედვაც გადაწყვიტა.

თამამად დავესესხებით და მოვიტანთ აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ციტატას, რომელის დედაარსსაც მთლიანად ვიზიარებთ და ვეთანხმებით: „ის, რაც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით განაცხადა, შეგვიძლია სავალუტო სტაბილურობის ერთ-ერთ მექანიზმად განვიხილოთ. მეორე მხრივ, უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით უნდა გადავხედოთ კანონმდებლობას, რათა მაქსიმალურად მასტიმულირებელი მექანიზმები გვქონდეს. აქტიურად უნდა წარიმართოს მუშაობა ტურიზმის კომპლექსური განვითარების კუთხითაც. უნდა განვითარდეს წარმოება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ამისთვის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსი, რაც საკმაოდ ბევრი გვაქვს. რაც შეეხება ახალი სახელმწიფო საგარეო ვალის აღებას, ეს ნაბიჯი, შესაძლოა, გადაიდგას, მაგრამ  თანხა მიზნობრივად უნდა იქნეს გამოყენებული, კერძოდ, ეროვნული წარმოების ზრდისთვის და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური. 2012 წლამდე დიდი ოდენობით იქნა აღებული ვალი  ბოლო 4-5 წელიწადში – მილიარდობით დოლარი, მაგრამ  აღნიშნული ეკონომიკის განვითარებისთვის არ გამოუყენებიათ. ვალს ყველა სახელმწიფო იღებს, მაგრამ საჭიროა ეფექტური უკუგების მიღება.

საქართველოს აქვს დიდი რეზერვი სახელმწიფო საგარეო ვალის ასაღებად. მიზანშეწონილია საგარეო ვალის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მაქსიმუმ 60%-მდე იყოს. ახლა საგარეო ვალის წილი მშპ-სთან არის არა უმეტეს 40%-ისა.

 ინფრასტრუქტურის გარდა, სესხი უნდა გამოვიყენოთ რეალური წარმოებისათვის. წლების განმავლობაში სესხებს მილიარდობით ვიღებდით და არასდროს ვიყენებდით  რეალურ სექტორში, სადაც რეალური დოვლათი იქმნება და დასაქმების დიდი რეზერვებია. შესაბამისად, არ ვუჭერთ მხარს ასეთი სესხის აღებას და მის დახარჯვას მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. სავალუტო ფონდს კატეგორიულად არ უთქვამს, აუცილებლად გაზარდეთ გადასახადები და არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ სესხიო. მათ რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს მთავრობას. ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ არსებულ ვითარებაში გადასახადების ზრდა გაუმართლებლად მიგვაჩნია, რადგან არაპირდაპირი გადასახადების განაკვეთის ზრდით, იზრდება სამომხმარებლო ფასი, რაც მძიმე ტვირთია მოსახლეობისათვის.

მეწარმეები და ბიზნესი გადასახადების ზრდით კი არ უნდა შევავიწროვოთ, არამედ  სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობას   მეტი ლიბერალიზაციის  საშუალება უნდა მიეცეს. ლარის კურსის ვარდნის შეჩერებისა და გამყარების მიზნით, ასეთივე რეკომენდაციას იძლევა პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილი. იგი წერს: ,,ლარის გაუფასურებას, ჩვენ რომელიმე ბანკს ვერ დავაბრალებთ, მართალია, თუკი რამდენიმე ბანკი გაერთიანდება, შეძლებს კურსზე ზეგავლენის მოხდენას, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი ნაბიჯი, რომელიც ხანგრძლივ შედეგს ვერ მოიტანს… ბანკს არ შეუძლია გაცვლითი კურსის კრიზისი წარმოშვას. ამ პრობლემის განხილვისას უფრო ობიექტურ ფაქტორებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, როგორიცაა: ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, ინვესტიციები, ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები, მათი გამოყენების დონე და სხვ. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მას შეუძლია საერთოდ გაყინოს ლარის კურსი, მაგრამ ამ დროს ეკონომიკა ჩერდება მთლიანად. ამიტომ უნდა ამოვარჩიოთ, რომელი სჯობს: 1. ლარი უფასურდებოდეს მდორედ და არა ნახტომისებური ნაბიჯით, მაგრამ სამაგიეროდ სტიმული მიეცეს ეკონომიკის განვითარებას და 2. გავაჩეროთ ეკონომიკა, ვუყუროთ, რომ ლარი სტაბილურია და გვიხაროდეს.

ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის   ძირითადი ამოცანაა, ეკონომიკას ფული მიაწოდოს და ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნოს.

ამრიგად, ჩამოვაყალიბოთ ლარის გაუფასურების შეჩერებისა და შემდგომი განმტკიცების აქსიომის ხასიათის რეკომენდაცია: რეალური ეკონომიკის დაჩქარებული განვითარება, სისტემატიური ხასიათით ზრდა, ეკონომიკური ზრდის პროცესის შეუქცევადი ხასიათი, ლარის სტაბილურობის გარანტი, უპირველესად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაა.  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება, თუ საქართველოში საინვესტიციო გარემო არ შედგა. თანამედროვე პირობებში საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურება საქართველოს ეკონომიკის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე გადასვლის უმთავრესი პირობაა. დღეს სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის უმნიშვნლოვანესი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა მხარდაჭერის გაძლიერება, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების წახალისების ინსტიტუტების სამართლებრივი და ეკონომიკური გარემოს შექმნა.

საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების პროცესში ყოველთვის ითვლებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საბანკო სისტემის განვითარება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, რა ოდენობის თანხების განთავსება ხდება ქვეყნის ძირითად კაპიტალში, რამდენად მიმზიდველია ქვეყანა საინვესტიციოდ, რომელ დარგშია მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობები. ამდენად, უცხოური ინვესტიციების დინამიკა და სტრუქტურა ქვეყნის განვითარების ძალზე მნიშვნელოვანი  ინდიკატორია. მით უფრო, საქართველოს პირობებში, როდესაც განვითარებისთვის შიდა რესურსები მწირია, ბიუჯეტის რესურსები შეზღუდულია, ხოლო ეკონომიკური სუბიექტების დანაზოგები ინვესტირებისთვის – ძალზე მცირე. უცხოური ინვესტიციების  შემოდინება მხოლოდ ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა როდია, ეს, უწინარეს ყოვლისა, იმ ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების საშუალებაა, რაც ქვეყანას ასე სჭირდება. გარდა ამისა, პირდაპირ ინვესტიციებს დასაქმების სერიოზული პოტენციალი აქვს. განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივებიდან გამომდინარე, საინვესტიციო კლიმატის ფორმირებისას გასათვალისწინებელია ეროვნული და უცხოური ინვესტიციებისთვის საქმიანობის ერთიანი, უნიფიცირებული პირობების შექმნის აუცილებლობა. ესეც ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობაა, რადგანაც ქვეყნის საინვესტიციო აქტივობა და ქვეყნის  ეკონომიკური განვითარება პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია.

საქართველოში არაღიარებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს მთავრობის მთავარ გამოწვევად რჩება. ბევრ ქვეყანაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კლებამ სერიოზული მაკროეკონომიკური პრობლემები გამოიწვია. კრიზისის შემდეგ კონკურენცია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაში კიდევ უფრო გამწვავდა. მაშინ, როცა ქვეყანას საკუთარი ეკონომიკის განვითარება დაუხმარებლად არ შეუძლია, უცხოურ ინვესტიციებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის.

როგორ პარადოქსადაც არ უნდა გამოჩნდეს, საქართველოსთვის ძირითადი პრობლემა იგივე არასაკმარისი ინვესტიციებია. მეორე და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ბიზნესი, რომელიც ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთების გადახდას შეძლებს. ეს ფაქტორები, ცხადია, აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და სწორედ ამაში აკისრია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და საბანკო სისტემას ერთად. ბანკებს შორის საჭიროა, მოხდეს არა ერთგვარი `ფარული შეთანხმება მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე, არამედ, მათ შორის დამყარდეს ჯანსაღი კონკურენცია.

აი, აქ კი, თავისი სიტყვა უნდა თქვას ეროვნულმა ბანკმაც. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფომ უნდა შექმნას თამაშის ერთიანი წესი ყველა სამეურნეო სუბიექტისთვის. საბანკო სექტორთან მიმართებაში სახელმწიფო ვალდებულია, რეგულაციის მკაცრი წესები ჰქონდეს, რომელთა შემუშავება, დაწესება და კონტროლი საბანკო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაა. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომერციული ბანკების მენეჯმენტის მთავარი ამოცანაა მიიღოს მაქსიმალური მოგება და ამ მიზნით, შესაძლოა, ის წავიდეს გარკვეულ რისკებზე. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო (ამ შემთხვევაში-მთავრობა) ეროვნული ბანკის საშუალებით უნდა აწესებდეს გარკვეულ რეგულაციებს, რათა დაიცვას მეანაბრეები, აქციონერები, ინვესტორები და ასევე, დაიცვას ეკონომიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება.

საქართველოს ეკონომიკას და ქართულ ფულად ერთეულს რთულ გლობალურ და რეგიონალურ გარემოში უწევს მოქმედება. მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში კიდევ უფრო ძლიერდება წარმოების პროცესის დამოკიდებულება ისეთ საგარეო და ქვეყნის შიდა ფაქტორებზე, როგორებიცაა: საერთაშორისო ვაჭრობის, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები და რეალური სექტორის განვითარება, უცხოური კაპიტალის ბრუნვა, პოლიტიკური მდგრადობა და ა.შ. საერთაშორისო ურთიერთობების არასტაბილური მდგომარეობა და სავალუტო კრიზისები  ქვეყნების ეკონომიკებზე ძალზე უარყოფითად მოქმედებს. ქართული ფულადი ერთეულის სტაბილურობის გენეზისის შერყევასა და უფრო მეტიც, მოშლაზე ვალუტის კურსის რყევისა და დაცემის თითქმის ყველა ფაქტორმა მოახდინა გავლენა.  გამომდინარე აქედან, დღის წესრიგში დგება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის და განსაკუთრებით, ფულად-საკრედიტო სავალუტო პოლიტიკის ტრანსფორმაციის აუცილებლობა .

ზემოთ დასახელებულ გარემოებებთან ერთად საჭიროა აღინიშნოს საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი პანიკა და ქართული ლარი. 2014-2016 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა გლობალურ თუ რეგიონულ დონეებზე გამოწვევების წინაშე დააყენა ქართული ეკონომიკა, ვინაიდან ქართული მცირე და ღია ეკონომიკა საკმაოზე მეტად მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ. ამ მოვლენებმა ძლიერი საგარეო შოკის ფონი შექმნა, რომელიც ნეგატიურად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შემოსავლების შემოდინების მკვეთრი შემცირების კუთხით.

აქ ხაზგასმით გამოვყოფდით საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილ სიტუაციებს, რომელსაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე საფონდო ინდექსების ჩამოშლა მოჰყვა, რაც მნიშვნელოვნად აისახა ქართულ სავალუტო ბაზარზე. საქართველოს სავალუტო ბაზარზე ატეხილი აჟიოტაჟი, ძირითადად, განპირობებულია საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი პანიკით. საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა დოლარზე მოთხოვნა, რამაც გამოიწვია ლარის დაცემა. ჩვენი აზრით, ეს ძალზე ნეგატიური ტენდენციაა. თუმცა, ასეთ აჟიოტაჟს ყოველთვის მოკლევადიანი ხასიათი აქვს და ეს პროცესი საქართველოშიც მოკლე პერიოდში უნდა დამთავრებულიყო, აჟიოტაჟი პიკს ნიშნავს და სტაბილურობის ნიშნები უახლოეს პერიოდში უნდა გვეხილა, მაგრამ რეალობა ასე არაა.

ჩვენი მოსაზრებით, მსოფლიო გლობალიზაციით გამოწვეული კარდინალური ცვლილებების, ფინანსური და სავალუტო კატაკლიზმების, სოციალურ-ეკონომიკური რისკების, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით დაძლევისთვის აუცილებელია გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, სადაც ჩამოყალიბებული იქნება მზარდი ეკონომიკის შექმნა. გაანალიზებული უნდა იქნეს ყველა მოსალოდნელი ფინანსური რისკი (მ.შ.ნავთობის გაიაფება, დოლარის გამყარება და ა.შ.), ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური გარემო, საბანკო სექტორი და იქ მიმდინარე მოვლენები, მათი სტრატეგია და მენეჯმენტი, გამჭირვალობის მსოფლიო სტანდარტები და ცხადია, ზოგადად სამომავლო პერსპექტივები.

გარდა ამისა, ერთხელ და სამუდამოდ საქართველო ნელ-ნელა უნდა გამოვიდეს დოლარიზაციის სისტემიდან, მაგრამ ბევრს ჰგონია, თუ ქვეყანაში დოლარის მასა შემცირდება, ეს უკეთესი იქნება. ამ შემთხვევაში ჩასატარებელია სერიოზული რეფორმა და არა საქართველოდან დოლარის გატანა. დღეს ჩვენ ფინანსური თვალსაზრისით გვაქვს მახინჯი ფინანსური ფორმები: მაგალითად, ლარში ხდება ანგარიშსწორება, გადასახადების აკრეფა, გაიცემა ხელფასები, მაგრამ როცა საქმე დანაზოგს ეხება, აქ უკვე დოლარი გვირჩევნია. ვინაიდან ჩვენი ცხოვრება მაინც დოლარზეა მიბმული, მისი მკვერთი შემცირება უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე, როგორც ექსპერტები ამბობენ, დოლარიზაციიდან თავის დაღწევა შეიძლება მხოლოდ გარკვეული ფინანსური დაბალანსებით და რაც მთავარია, ადგილობრივი წარმოების განვითარებით.

გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია ექსპორტის ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება. ლარის წარმოების ზრდით გამყარება ან წარმოების შემცირებით გაუფასურება – ეს არის საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის ამსახველი რეალური სახე. დადებით გადაწყვეტილებად მიმაჩნია იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქციის გამოჩენა ადგილობრივ ბაზარზე. ეს დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე, რადგან აღარ დაგვჭირდება დამატებითი დოლარი იმპორტირებული პროდუქციის შესაძენად. მით უმეტეს, რთული არ არის სუსტი ეროვნული ვალუტის გამოყენება ადგილობრივი წარმოების გამოსაყენებლად.

თანამედროვე პირობებში სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურება საქართველოს ეკონომიკის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე გადასვლის უმთავრესი პირობაა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება, თუ საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო გარემო არ შედგა. ლარის რყევის მკვეთრი ამპლიტუდა მხოლოდ მაშინ გაწონასწორდება, როცა პრივატიზაციიდან და შემოსული ინვესტიციების მილიონობით ნაკადიდან ყოველი თეთრი საქართველოს თითქმის გაჩერებულ რეალური სექტორში დაბანდდება, მატერიალური წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარდება. შედეგად ხალხი დასაქმდება, შემოსავლები გაუჩნდება, ადგილობრივი პროდუქციის გამოშვება დაიწყება, იმპორტით აღარ ვიცხოვრებთ, ადგილობრივი საქონელი გაიყიდება და ექსპორტიდან ფულადი ნაკადების შემოდინება დაიწყება.

ლარის კურსის მერყეობა შეჩერებულ უნდა იქნეს ერთი მხრივ, გონივრული, საბაზრო მექანიზმებით, მეორე მხრივ კი, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი დანაკარგების თავიდან აცილება. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ინფლაციური მოლოდინების, ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება. აქ კი უკვე საჭიროა მთავრობასა და ეროვნული ბანკს შორის კოორდინირებული მუშაობა. საბიუჯეტო ხარჯებს უაღრესად მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ლარის დევალვაციაზე. აუცილებელია განხორციელდეს საბიუჯეტო ხარჯების დისციპლინური მართვა და მათი წლის ბოლომდე თანაბრად გადანაწილება, ასევე, მაქსიმალურად შეიკვეცოს მიმდინარე დანახარჯები და ძირითადი ორიენტაცია ქვეყანაში რეალურ ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე გაკეთდეს.

დაგვეთანხმებით, ძალზე ძნელია ერთ საგაზეთო სტატიაში ლარის დევალვაციის გამომწვევ და შეჩერების ყველა პრობლემაზე ვიმსჯელოთ, ეს მეცნიერ-ეკონომისტების კვლევის საგანია. ჩვენ მხოლოდ ერთ გარემოებას გავუსვავთ ხაზს: ლარის კურსის ქაოტური მერყეობა აღარავის გაუკვირდებოდა, რომ არა მისგან მიღებული მიზეზ-შედეგობრივი რეალობა: სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დისკომფორტი, მოსახლეობის მყიდველუნარიანობის საგრძნობი დაქვეითება, სახელმწიფო რეზერვების გახარჯვა, „შემოპარული და არაღიარებული“, უფრო სწორად, „დამალული“ ინფლაცია, არარეალური, გაუგონრად დაბალი სამომხმარებლო კალათა, ფასების ზრდა და სხვა უარყოფითი მოვლენები.

დროა, ხმამაღლა და თამამად ვაღიაროთ, ქვეყანაში რთული ეკონომიკური სიტუაციაა. ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობა ჩვენი მოსახლეობის ერთადერთი არა, მაგრამ მთავარი სატკივარი გახდა. გადაუდებლად აუცილებელია მთავრობის და ეროვნული ბანკის ფისკალური და მომენტალური პოლიტიკის ერთობლივმა გააზრებულმა ღონისძიებებმა, ეროვნული ვალუტის შემდგომი დევალვაცია შეაჩეროს“.

 

 

 

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი