ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, ვინც ხმამაღლა დაგვიბარა:

 “საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო
და თბილისი – შიგ ჩასმული ბადახში“

 /იოსებ გრიშაშვილი/

ჭრიალით აიღო დამძიმებული ზორბა სხეული, ძლივს დაუბრუნა კალაპოტს დაჟანგებული სახსრები, წამოდგა, ნელა გაიმართა წელში და ძველი ჩვეულებისამებრ სარკესთან მივიდა ბაბუ, აგერ საცაა რვა ათეული წელი მოუკაკუნებდა სიცოცხლის კარიბჭეს და ის კი წესს არ ღალატობდა, მოუწესრიგებელი სახლის ზღურბლს არ გადააბიჯებდა არაფრის დიდებით.  ხელის მტევანი დაისველა,  ჭაღარა ქოჩორზე გადაისვა და თავის ორეულს შესცინა სარკეში: ეეჰ, ოთარია  ბიბილეიშვილო, რა ბიჭი იყავი?! გაქანებული პრალიოტკიდან (ორადგილიანი ეტლი რუს.) პრალიოტკაზე შველივით ხტებოდი, ახლა კი.. ახლა მუხლი დაგძაბუნებია, მტრედების საკენკის მოსატანად რომ წახვიდე, საათი გჭირდება სხეულის გასაღვიძებლად, მარა.. გული რომ ისევ გერჩის?! მტრედების გახსენებაზე შეცბა ბაბუ, დილის საკენკი გასთავებიათ ამ დალოცვილებს, დროზე უნდა წავიდეო – გაიფიქრა და თავის საყვარელი ხაკისფერი ტილოს კიტელი ჩაიცვა. დღესაც არ ვიცი, რატომ უწოდებდა ამ მოსასხამს „კიტელს“, მას ხომ არანაირი სამხედრო ატრიბუტი არ ჰქონდა.. და არამარტო იგი, ეს ტერმინი მის სამეგობროშიც ხშირად გამიგონია. სამეგობრო კი სანაქებო ჰყავდა, ძველი დიდუბელები,  საუკეთესო ჯიშის რაინდები, ღირსეულები, საიმედონი – ჩემთვის დღესაც უცნობი, დაუწერელი შინაგანი მორალური კოდექსით, რას არ მივცემდი ახლა, ვინმემ ეს „მათეული კაცობის“ კრიტერიუმები რომ ჩამომიყალიბოს…  უყვარდათ ყველა და ყველაფერი, ქალაქი, უბანი, ადამიანი, ცხოველი, უყვარდათ და უფრთხილდებოდნენ. მოცალეობის ჟამს საოცარი გასართობი ჰქონდათ: მტრედებს უვლიდნენ, ისეთი ჯიშის მტრედები ჰყავდა ბაბუს, არც კი მინახავს მერე არსად. ეს ჩექმებიანიო, ის წითელფეხებაო, ქოჩორაო, სათვალიანიო … ნეტავ გენახათ, როგორ ბავშვებივით ხალისობდნენ და საქმიანობდნენ ეს ახოვანი, ბავშვისგულა ვაჟკაცები. მეც გავერეოდი ხოლმე მარაქაში, ხან ერთი ბუმბერაზი შემისკუპებდა კისერზე და ხან მეორე, რომ ბაბუს სამტრედეს შევწვდომოდი და გამეხარა. მხოლოდ მოზრდილობაში შევიტყვე, რომ ,,მემტრედეობის“ თემა ფრიად კოლორიტული გახლდათ ძველ თბილისში.

ბაბუ ახოვანი კაცი იყო, ლამის 2 მეტრამდე სიმაღლის. არაჩვეულებრივი მოლხენა იცოდა, ქალაქში ცნობილ თამადას სუფრის წარმართვის თავის წესები ჰქონდა – თამადა სუფრიდან არ უნდა გასულიყო და არამარტო იგი, სასურველი იყო ყველა სხვა მამაკაციც, სადღეგრძელოს დროს ბუზის გაფრენა უნდა ისმოდესო, იქ, სადაც ის იყო ყველა ქალს პატივით უნდა მოპყრობოდნენ, განურჩევლად მისი წესიერების ხარისხისა. სტუმრის მოსვლა ნამდვილი ზეიმი იყო. ყოველდღე თუ არა,  დღეგამოშვებით მაინც იშლებოდა ჩვენს ოჯახში სუფრა _ ჩემს ღვინის ჭიქებს რევმატიზმები აქვსო, იცინოდა _ არ შრება არასდროსo.  და იყო ქართული სიტყვაკაზმულობის, კაცური ღირსების, ტკბილი სიმღერის, ერთმანეთის მოფერების ეპოპეა… ოჰ, გული როგორ სწყდებოდა, რომ მე, მისი ერთაერთი შვილიშვილი არ ვიყავი ვაჟი და ვერ გადმომაბარებდა თავის „სიბრძნეს“, ღირსებებს და თამადობის,  ქალაქელობის აკადემიას ვერ მაზიარებდა.. რამდენჯერ დამინახავს, მეზობლის პატარა ბიჭებს შემოისვამდა ხოლმე კიბეზე, თან აუცილებლად საღეჭ რეზინებს ან კამფეტებს დაურიგებდა, რომლებიც სულ ჰქონდა ხოლმე ბავშვებისთვის ჯიბეში შენახული და თავისებურად მოძღვრავდა. თუმცა, ამ ყველაფერში ისე გავიზარდე, რომ მაინც მოახერხა ბაბუმ ჩემში ჩაედო ბევრი რამ: პატარაობიდან ვერ  ვიტანდი უსამართლობას, ყოველთვის ვდგებოდი დაჩაგრულის მხარეს და მხოლოდ მერეღა ვარკვევდი ხოლმე, იყო თუ არა იგი დამნაშავე.  სიტყვას თუ ვიტყოდი, უნდა შემესრულებინა რადაც არ უნდა დამჯდომოდა.  გვიან აღმოვაჩინე, რომ თურმე თამადობაც მისწავლია და კიდევ ბევრი რამ, რომელსაც ალბათ ჯერ ვერც კი ვაანალიზებ ვისგან მივიღე ესტაფეტად. მთელი უბანი ბაბუს ეძახდა, დიდი და პატარა, ქალი თუ კაცი, მისი ტოლებიც კი – ეს მისი ზედმეტსახელი იყო. მხოლოდ ხანდახან მიმართავდნენ ხოლმე მამის სახელით: პოლიკარპოვიჩ, დასტურად კიდევ უფრო მეტი პატივისცემისა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თავისებურად გამოწკეპილი ბაბუ ბაზრისკენ დაიძრა, სადაც ჩემთვის კარგად ნაცნობი თბილისელი სომეხი, ხაჩო ძია ეგულებოდა. ხაჩო ფრინველების სპეციალურ საკენკს ყიდდა. პატარაობისას მეც დავყავდი ხოლმე ხანდისხან. მიყვარდა მასთან ერთად უბანში გასვლა. საოცარი პატივისცემით ესალმებოდნენ ხოლმე უბნელები ერთმანეთს. ვინ უყურებდა ეროვნებასა და სოციალურ სტატუსს, მხოლოდ მოზრდილობაში შევიტყვე, რომ დალაქი დათიკო თურმე სომეხი ყოფილა, სათვალის ხელოსანი რაფო და ფოტოგრაფი მიშა – ებრაელი … მათ, ყველას ,,დიდუბელის“ სახელი  ჰქონდათ და ეს იყო სტატუსი, რომელიც ყველაფერზე მაღლა იდგა მათთვის.

ცოტა არ იყოს შეაგვიანდა ბაზრიდან დაბრუნება ბაბუს. უკვე მოსვენება დავკარგე, ჯერ ვიფიქრე – შერჩა, ალბათ, თავის ძმაბიჭებთან უბანში და მალე დაბრუნდება-თქო, მაგრამ რაღაც არ მასვენებდა მაინც.. როგორც იქნა  რკინის კიბეზე მისი ნაბიჯების ხმა გავიგე, ასეთი მძიმე ფეხის ხმა მხოლოდ მას ჰქონდა. შემოვიდა ჩვეულებრივ, შემომცინა და ის იყო თავის საყვარელი ქსოვილის ჩანდა სკამზე გადაჰკიდა, თვალი მისი უზარმაზარი ხელის მტევნისკენ გამექცა.. ხელიდან სისხლი მოჟონავდა. გავიყინე ადგილზე.. უცებ ვიფიქრე წაიქცა-მეთქი გზაში, გული მეტკინა. ეს რა არის-თქო – ის იყო უნდა მეკითხა, რომ თვითონ დამასწრო –  არაფერია ბაბუ, ამას მე მივხედავ, წადი შენ მტრედებს საჭმელი დაუყარე, დილიდან მშივრები არიანო. თხოვნა ელვისებურად შევუსრულე და ორ წუთში გვერდით მივუსკუპდი, ეხლა მომიყევი რა მოხდა-თქო. გაეცინა, მიხვდა, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა, მაინც გავიგებდი. არაფერი გენაცვალოს ბაბუ, უბანში ვიღაც პაცანა ბიჭმა (ასე ეძახდა თავხედ ახალგაზრდას) ქალს შეურაცხყოფა მიაყენა და ბოდიში მოვახდევინეო. სახტად დავრჩი.. ბაბუ, განა ძველი დროა, ეხლა ახალგაზრდები დანაზე იყურებიან, რაღა დროს ეგეთებია-თქო კი ვუთხრი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ აზრი არ ქონდა ჩემს პროტესტს. „სანამ პირში სული მიდგას, ჩემს უბანში და ჩემს თვალწინ ქალს ვერავინ გაუბედავს ზედმეტს და იცი შენ ესო,“ – მითხრა და ამ წუთს ჩემს წინ იდგა არა 80 წელს მიტანებული, უკვე წელში მოხრილი, სახსრებდაავადებული მოხუცი, არამედ ისევ ძველი ოთარი,  მთას რომ გადადაგამდა თუ საჭირო იყო სიჭაბუკეში….

საღამო ჟამს ეზოდან ხმაური შემომესმა, თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით, პატარა ხმაც კი უცებ ესმოდა მთელ სამეზობლოს. პოლიკარპოვიჩ.. ბაბუ!! – ამოგვძახეს ქვემოდან. გადავიხედე და რას ვხედავ: ჩვენი მეზობელი, ბატონი ილო ჩიკვაშვილი, რომელიც რამდენიმე ეზოს იქით სახლობდა ჩვენსავე ქუჩაზე, არაჩვეულებრივი ადამიანი, ქუთაისელი ებრაელი.  თურმე ნუ იტყვით, ქალბატონი, რომელსაც ბაბუ გამოექომაგა ყოფილა მისი და, ქალბატონი ცარო, რომელიც ძმის მოსანახულებლად  ჩამოსულა – ბაბუ არც კი იცნობდა. ჰოდა მოუყოლია ოჯახში იმ დღით მომხდარი და ილო ძიასაც მეტი რა უნდოდა, ნახეს საბაბი  იმ საღამოს მოსალხენად.  მოკლედ, თბილისური  ეზოს შუაგულში ბატონ ილოს 1 შტოფი საუკეთესო ქაშერი დაუდგამს და ბაბუს უხმობდა, მოდი შენ კაცობას ვენაცვალე, მადლობა უნდა გითხრაო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ საღამოს კარგად მოილხინეს, ილოს მოტანილ ხორაგს ბაბუმ თავისი მიამატა, მეზობლებმაც, ვისაც რა ჰქონდა გამოიტანეს ოჯახში გამოიტანეს და ეზოს შუაგულში დიდი სუფრა გაიშალა. ცოტა ხანში დავინახე, ბაბუმ როგორ შემოიყვანა ეზოში დარცხვენილი ახალგაზრდა კაცი, ილოს მიუყვანა და ღიმილით უთხრა, კარგი  ბიჭია, ნასვამი იყო და შეეშალაო. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შემგდომშიც კარგი ურთიერთობა გაყვათ, როგორც ვიცი.

აი, ასეთი იყო ძველი თბილისი, სიყვარულის, ტოლერანტობის, ღირსების, პატივისცემის, ჰუმანიზმის ქალაქი. ასეთი იყო არამარტო ჩემი, არამედ   უამრავი ჩემი თანატოლის ბაბუ და არსად მსოფლიოში არ მეგულება მსგავსი ხასიათის ქალაქი. დიახ, თბილისს თავის ხასიათი ჰქონდა და უზარმაზარი მოსიყვარულე გული.

ირინა ბიბილეიშვილი იოსებაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი