ბიზნესმენ ალეკო მაღლაფერიძის მეუღლე, ბაია გელაშვილი-მაღლაფერიძე საკუთარი ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

_ ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მცხოვრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სისტემატიურად გვწერენ ჩვენი ოჯახის 17 წლიან უკანონოდ დევნასთან დაკავშირებით და ასევე ხშირად გვეკითხებიან ისინი ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზებზე. მათ აინტერესებთ ჩვენი ოჯახის ირგვლივ უფრო მეტი დეტალური იმფორმაცია და სხვა.
შევეცდები, მოკლედ მოგიყვეთ ჩვენს შესახებ, რათა ცოტათი მაინც დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა და შეგიქმნათ მცირედი წარმოდგენა ჩვენი ოჯახის გარშემო.
მე და ალეკო შევუღლდით თბილისში, 1989 წლის დასაწყისში. მაშინ ალეკო უკვე ძალიან წარმატებული ადამიანი იყო. გარდა კარგი სამსახურისა, ის ასევე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე კი ახალი დამთავრებული მქონდა ინსტიტუტი და ჩემი პროფესიით ვმუშაობდი თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში.
1990 წლიდან ბიზნესის გამო საცხოვრებლად გადავედით რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და იმავე წელს, პარალელურად ალეკომ გახსნა მეორე ბიზნესი ბარსელონაში (ესპანეთში) და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან ფრანცისკოში. ჩვენი შვილი- პატარა ალეკო 1 წლის იყო მაშინ და ის იზრდებოდა სიყვარულით სავსე, ძალიან თბილ ოჯახურ გარემოში.
ის რაც ჩვენს ოჯახს დაატეხა თავს ჩვენი ქვეყნის აღმასრულებელმა და სასამართლო ხელისუფლებამ ამ ბოლო 17 წლის მანძილზე, არაფერი საერთო არ აქვს არც სიმართლესთან და არც სამართლიანობასთან. ალეკოს საკუთარი ქვეყნის სამი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამ ბოლო 17 წლის მანძილზე ქონების წართმევის მიზნით მოუწყვეს არნახული უსამართლობა და გაუგონარი ბოროტება.
ადამიანს არჩადენილ დანაშაულზე წაუყენეს ბრალი და მერე ამ ბუნებაში არმომხდარ დანაშაულზე გაასამართლეს და მიუსაჯეს დაუსწრებლად 6 თვით პატიმრობა. ესეც რომ არ იკმარეს, მერე მოსყიდულმა მოსამართლემ ალეკო დაავალდებულა, არარსებული ვალი გადაეხადა და ამ საბაბით გაგვიყიდეს ქონება.
2000 წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების წარმომადგენლებმა ერთი  წლის მანძილზე აწარმოეს გამოძიება ალეკოს საქმესთან დაკავშირებით, რის მერეც მათი გამომძიებლების თორმეტივე წევრმა ალეკოს 100% -ით უდანაშაულობის დასკვნას ხელი სათითაოდ მოაწერეს და სცნეს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანად.
არ არსებობს მსოფლიოში თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ მას ალეკოსთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და რაიმეთი იმედგაცრუებული დარჩა. ასეთი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ჩვენს ოჯახს არც არასოდეს ჰყოლია მტერი მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე გარდა იმ ადამიანისა, ვისი შვილებიც ერთი წლის განმავლობაში ჩვენს ოჯახში ცხოვრობდნენ და მერე გაუგონარი სისასტიკე ჩაიდინა ჩვენი ოჯახის მიმართ ჩვენი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. ყველაფრის მიუხედავად, ცუდს მაინც არავის ვუსურვებ და ღმერთი იყოს ყველას მოწყალე – მტრისაც და მოყვრისაც, მაგრამ მინდა ვკითხო იმ ადამიანს ვინც ჩემს მოხუცებულ მამას ბანდიტი დაახვედრა ჩვენი სახლის ასასვლელ კიბებზე და სახეში კისლატის შესხმით სამუდამოდ დააბრმავეს, როგორ ფიქრობ, შენ და შენი ოჯახის წევრებს ამ ჩადენილმა უსასტიკესმა დანაშაულმა ბედნიერება მოგიტანათ ?!

ბაია გელაშვილი-მაღლაფერიძე

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი