Home ახალი დამატებული ბავშვები მობუზულები და შეშინებულები იყურებოდნენ… _ ეს ამბავი არასდროს დაგავიწყდებათ

ბავშვები მობუზულები და შეშინებულები იყურებოდნენ… _ ეს ამბავი არასდროს დაგავიწყდებათ

21 second read
0
40

 

„2008 წლის 8 აგვისტოდან ბაზალეთის დევნილთა სახლში მოდიოდნენ დევნილები გორიდან და ახალგორიდან. გორის ერთ-ერთი სოფლიდან, რომელიც რუსებმა დაბომბეს მოვიდა ახალგაზრდა გოგონა, ორი პატარა ბიჭით. დევნილთა სახლში ადგილები აღარ იყო და ეს გოგონა თავისი შვილებით ჩემს უფროსს დაებინავებინა ბაზალეთის ყოფილი კლუბის შენობაში. ეს იყო ძველი, დიდი მოუწესრიგებელი შენობა. დევნილ გოგონას დაესუფთავებინა ერთი პატარა ოთახი, სადაც არც დენი იყო და არც წყალი. ამის  შესახებ  საღამოს გავიგე. უკვე ბნელოდა, მაგრამ მათ სანახავად მაინც  წავედი. შევედი მეორე სართულზე ერთ პატარა ოთახში, რომლის იატაკიც მორყეული იყო და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მალე პირველ სართულზე აღმოვჩნდებოდი. ლამფის შუქზე დავინახე ორი პატარა სკოლამდელი ასაკის ბიჭი, რომლებიც ე.წ. „ლეჟანკაზე“ მობუზულები ისხდნენ და შეშინებული თვალებით იყურებოდნენ. ბავშვების დედამ მითხრა, რომ  მათი სოფელი დაბომბეს, სახლი დაუნგრიეს, მეუღლე სოფელში დარჩა, თვითონ კი ბავშვებით ძლივს გამოაღწია სოფლიდან. მათგან ძალიან გულდამძიმებული წამოვედი სახლში. მთელი ღამე ვერ დავიძინე, სულ იმ ბავშვებზე ვფიქრობდი. დილით ის გოგონა მოვიყვანე ჩემთან სახლში, მივეცი მათთვის საჭირო ჭურჭელი და პროდუქტი.

ომის პირველ დღეებში ძალიან გაჭირდა დევნილების დახმარება, თავიდან ძალიან მცირე შემოწირულობები იყო მათთვის განკუთვნილი. ჩვენს სამსახურს დავალებული გვქონდა ჰუმანიტარული პროდუქტების დევნილებზე განაწილება. საკრებულოში მოდიოდნენ დევნილთა ოჯახები და შესაძლებლობის ფარგლებში ვუნაწილებდით მათზე გამოყოფილ ნივთებსა და პროდუქტს. კარგად მახსოვს, ერთი ოჯახისთვის  ერთი კვერცხი და 150 გრამი შაქარი უნდა მიგვეცა, რადგან  მეტის საშუალება არ იყო. მე ამას ვაპროტესტებდი, სირცხვილით ვიწვოდი და ვამბობდი: მე რომ დევნილი ვიყო, არ დავიჯერებდი, რომ ასეთი მცირე რაოდენობის კვერცხი და შაქარი იყო გამოყოფილი. ეს გოგონაც მოვიდა განაწილებისას, მივეცით რაც ეკუთვნოდა და წავიდა. მე უკან გავეკიდე, მიუხედავად იმისა, რომ არც მე  მილხინდა, ჩუმად მივეცი ჩემი საკუთარი ფული და ვუთხარი: ამით ბიჭებს რაც გინდა ის უყიდე  მეთქი. დღესაც არ მავიწყდება მისი მადლიერი თვალები.

ომი დამთავრდა, მათ სოფელს ისევ რუსები აკონტროლებდნენ. გოგონა თავის შვილებთან ერთად დაბრუნდა სოფელში, სადაც მეუღლე იყო დარჩენილი…

რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან სახლში მოვიდა ქალი, რომელიც  დევნილი გოგონას დედა აღმოჩნდა. ქალმა ცელოფნის პარკით რაღაც გადმომცა, ეს ცისნამისგანო. თან დააყოლა გზაში რუსები გვაკონტროლებდნენ და ბევრი ვერ გამომატანაო. მე სიხარულისაგან ცრემლები წამომივიდა, ალბათ ჩემი ადამიანური მისია შეძლებისდაგვარად შევასრულე.

ჩემი მუშაობის პერიოდში ბევრი სიგელი და სამკერდე ნიშანი მაქვს მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ჩემს ცხოვრებაში ის იყო, რომ დევნილმა, დათრგუნულმა, უკიდურესად გაჭირვებულმა ადამიანმა მადლიერების ნიშნად, გორიდან ათი ცალი ატამი გამომიგზავნა“.

ეს საოცარი ისტორია ლამზირა დიდებაშვილმა მოგვითხრო. ლამზირა დაიბადა დუშეთში. სკოლა 1980 წელს დაამთავრა წარმატებით. აბარებდა სამედიცინო ინსტიტუტში, სტაჟისთვის მუშაობდდა ბაზალეთის კოლმეურნეობის ფერმაში. 1991 წელს წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო -სამეურნეო ინსტიტუტი. 1988 წლიდან,  სწავლის პარალელურად მუშაობდა ბაზალეთის კოლმეურნეობის პროფკავშირების თავმჯდომარედ. 1989 წლიდან 1998 წლამდე კი დუშეთის დასაქმების ფონდში წამყვან სპეციალისტად. იყო დუშეთის საგადასახადო ინსპექციაში _ მთავარი ინსპექტორი. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწედ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *