Home ახალი დამატებული ახალი რეგულაციები დამრღვევი მძღოლებისთვის

ახალი რეგულაციები დამრღვევი მძღოლებისთვის

22 second read
0
15

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით რანდენიმე სიახლე იგეგმება. საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, რომლის მიხედვითაც ცვლილებები ხუთ კანონში უნდა შევიდეს, ესენია: „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“. საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ხუთ კანონში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განიხილავენ.

 ახალი რეგულაციები დამრღვევი მძღოლებისთვის ასე გამოიყურება:

მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ დროში

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის ფარგლებში, იგეგმება მართვის მოწმობის რეალურ მოძრაობაში გადატანა. როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, ეს მეთოდი მართვის მოწმობას უფრო საიმედოს გახდის და მძღოლების საწყისი კვალიფიკაციაც ამაღლდება.

მართვის მოწმობის ქულათა სისტემა

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით უნდა დაინერგოს, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემაა.

გარდა იმისა, რომ სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება, მის მართვის მოწმობას შესაბამისი რაოდენობის ქულებიც გამოაკლდება.

„წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, თან დაკარგავს ქულებსაც და, პირობითად, 100 ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება ან შეწყვეტა და გამოცდის თავიდან ჩაბარება. ამ სისტემით ის მძღოლები, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, იგრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უკონტაქტო პატრულირება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის ფარგლებში, უკონტაქტო პატრულირების დანერგვაც განიხილება. როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, ეს მეთოდი ევროპასა და აშშ-ში აპრობირებულია.

მისი განმარტებით, უკონტაქტო პატრულირების დროს, სამოქალაქო ავტომობილს, რომელსაც მხოლოდ უკანა მხარეს აქვს მიმაგრებული სპეციალური ნიშანი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მართავს.

„ეს სისტემა საგზაო უსაფრთხოებასა და ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს მაშინაც კი, როცა დამრღვევ მძღოლს ჰგონია, რომ საპატრულო ეკიპაჟი ახლო-მახლო არ არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

სიჩქარის მოძრავი დეტექტორები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, შესაძლოა, სიჩქარის მოძრავი დეტექტორების გამოყენებაც დაინერგოს. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, დღეს ასეთი დეტექტორები სტაციონარულად მხოლოდ ბოძებზეა დამაგრებული, ამიტომ დამრღვევი მძღოლები ბოძთან გავლისას სიჩქარეს ანელებენ.

„მომავალში,შესაძლოა,გადასატანი დეტექტორები იყოს გამოყენებული, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული“, – აცხადებს თალაკვაძე.

„ჭკვიანი“ ვიდეოკამერები

ქალაქები და გზები ახალი „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებით უნდა დაიფაროს, რომელთა მონტაჟი უკვე დაწყებულია.

„ეს ვიდეოკამერები რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლახან შექმნა რეფორმის ფარგლებში. ამ სისტემას ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობადობის ამაღლება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ყურადღებას ამახვილებს, რომ საჭიროა მძღოლების, მგზავრებისა და ქვეითების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების ძირითადი წესების შესახებ, მათ შორისა, ღვედის გამოყენება, საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობის აკრძალვა და გადასასვლელებზე გზის დათმობა.

„ეს ელემენტარული წესები ხშირად სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ტოლფასია და ამის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რეფორმის შედეგი და მოლოდინი

თალაკვაძის განცახდებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა იქნება კარგად დაგეგმილი და წარმატებული, რომელიც პარლამენტის, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.

არჩილ თალაკვაძე რეფორმის შედეგებს ერთ წელიწადში ელოდება და ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციები ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საგზაო უსაფრთხოების რეფორმის განხორციელებაში თბილისის მერიის როლზეც ამახვილებს. არჩილ თალაკვაძე ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკირების განვითარების მიმართულებით დედაქალაქის მერიის გეგმები რეფორმის შედეგებს კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის ვადებად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც ამ შემთხვევაში წამყვანი კომიტეტია, 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2017 წლის 20 თებერვლამდე პერიოდი განესაზღვრა.

რაც ეხება ადამიანის უფლებათა, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს, რომლებიც ამ შემთხვევაში, სავალდებულო კომიტეტებია, საკანონმდებლო ცვლილებები 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2017 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში უნდა განიხილონ.

პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი 2016 წლის 28 დეკემბრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე პერიოდია მითითებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *