ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“ 2013 წლის 1 ივნისს დაარსდა. ამ გამოცემის წარმომადგენლებმა, ამჟამად პოლიტიკოსის და ერთ დროს ჟურნალისტის – ანი მიროტაძის მიერ დაფუძნებულ ინტერნეტ-სააგენტოში, „პირველში“ აიდგეს ფეხი.
„აქცენტი“- ს საინფორმაციო პოლიტიკა ერთობ ზომიერი და სწორხაზოვანი იყო, იმის მიუხედავად, რომ მისი დამფუძნებელი (ჟურნალისტ გვანცა ფიფიას მეუღლე ) – უჩა კანდელაკი, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი გახლდათ, მის მიერ მართული გამოცემა, არც ივანიშვილის გუნდის მიმართ ყოფილა ლოიალური.
„აქცენტს“ ყვითელი პოპულარობა არასდროს ჰქონდა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გამოცემის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური მასალები არაერთი წამყვანი ქართული გამოცემით ტირაჟირდებოდა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში.
ბოლო პერიოდში კი, კანდელაკი-ფიფიას მიერ მართული პორტალი, ვიწრო-პარტიული ნიუსების მიღმა, სამამულო პოლიტიკის კულუარებს გასცდა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ახალ ამბებს გვაწვდის, მათ შორის იმ ენებზეც, რომელი ენებიც დღევანდელი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის გასაგებია.
რაც შეეხება „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონს“, მის უკან, საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი პერსონა – გიორგი მოლოდინი დგას; მოლოდინი ანალიტიკოსია, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, თუმცა ამჟამად, მისი ფრონტის ხაზი მზარდი რუსული ჰიბრიდული საფრთხეების ზღვარზე გადის. მოლოდინს ქართულ მედიაში დასაყრდენი ნაკლებად ჰყავს და სოციალური მედიის მიღმა უკვე ოფიციალურ გამოცემასთან თანამშრომლობა მის აქტივობებს სხვა წონას და საინფორმაციო ლეგიტიმაციას შესძენს. თავის მხრივ, „აქცენტსაც“ სჭირდება მათსავე საინფორმაციო პოლიტიკასთან ახლოს მყოფი პარტნიორი, რომელიც დამატებით მოამარაგებს მათ გამოცემას, საქართველოში კრემლის საინფორმაციო განშტოებების გასანეიტრალებელი აქტივობებით.
არ დაგვავიწყდეს იმის თქმაც, რომ „აქცენტისგან“ განსხვავებით, „ლეგიონის“ ბიოგრაფია, გაცილებით მოკრძალებულია, ერთ ფეისბუკ გვერდს და სულ რამოდენიმე თვეს მოიცავს.
ფიგურალურად რომ ვთქვათ, ერთი სიტყვით, ( ცნობილ ქართულ ანდაზას მოვიშველიებთ ) „ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად პირსაო“, მხარეებმა ერთმანეთი მოაძლიერეს იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც დღეს გაფორმდა, და რომელი მემორანდუმის თანახმადაც, აწ უკვე პარტნიორებმა, ხელი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე მოაწერეს.
ეს ყველაფერი, დიახაც, ესადაგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და ნამდვილად მისასალმებელია მსგავსი ტიპის საზოგადოებრივი ინიციატივები, მითუფრო მაშინ, როდესაც რუსული ბოტების ქარხნებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე ლეგენდები დადის, ( დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაში, დღემდე აქტიურად განიხილავენ კრემლის ინტერნეტ-მეომრების როლს, როგორც ოკეანის გაღმა, ისე რუსეთშიც ) თუმცა ძალიან ნიშანდობლივია ერთი რამ; „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში,“ წამყვანი გამოცემებიდან, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედი“ მივიდა. მემორანდუმით რატომღაც არ დაინტერესდნენ პროდასავლური წამყვანი ქართული არხი „რუსთავი-2“ და სხვა მედიასაშუალებები (თუ არ ჩავთვლით თავად „აქცენტს“ რომელიც თავის აქტივობას ბუნებრივია გააშუქებდა.)
შესაბამისად, გავაკეთოთ ლოგიკური აქცენტები და დასვათ კითხვები: პროფესიონალ ჟურნალისტს – გვანცა ფიფიას, რომელსაც კოლეგებთან კომუნიკაცია ნამდვილად არ უჭირს, ( არც პირადი და არც პროფესიული ურთიერთობების დონეზე ) რატომ გაუჭირდა „იმედის“ მიღმა, სხვა მედიასაშუალებების დაინტერესება?
არც უჩა კანდელაკის, არც გვანცა ფიფიას და არც მეორე მხარის, გიორგი მოლოდინის შემთხვევაში, ანონსი ფეისბუკის პირადი გვერდების მეშვეობით არ გავრცელებულა ( რაც ასევე ჩვეული პრაქტიკაა ქართულ მედიაში ).
რა, რა და, პრესკონფერენციის, ბრიფინგის და მემორანდუმის გაფორმება ( თან ისეთ ადგილას, სადაც სოლიდური ღონისძიებები იმართება ) კონსპირაციულად, ან გასაიდუმლოებულად არ ხდება, უფრო პირიქითაც, ასეთ დროს ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი კოლეგა დააინტერესონ, თუმცა შევეშვათ ამაზე აქცენტსაც და მივიდეთ კვანძის გახსნამდე – ყოველ შემთხვევაში ვერსიების ან ვარაუდების დონეზე.
განვიხილოთ „იმედის“ როლი ამ ყველაფერში – ( გავაკეთოთ შეფასება და ვთქვათ ობიექტურად, ამ კარგ საქმეში )
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“, რომლის მეხოტბეებიც ჩვენი ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული პერსონები
( კანდელაკი-ფიფია-მოლოდინი) არც არასდროს ყოფილან, მყარად იკავებს პროდასავლური პოლიტიკური პარტიის და ასეთივე პლათფორმის ნიშას. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, გამუდმებით აკრიტიკებენ რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქს – დღეს უკვე ყველაზე გავლენიან ქართველს – ბიძინა ივანიშვილს, სწორედაც რომ ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყნის მმართველთან, ვლადიმერ პუტინთან ალიანსის გამო. თავის დროზე, მრავალფეროვანი იდეოლოგიებიდან ამოზრდილი პოლიტიკური სუბიექტების შედეგად შექმნილი ჭრელა-ჭრულა კოალიციაში, ( „ქართულ ოცნებაში“) ბევრი პრორუსი პოლიტიკოსი იყო, ან იყვნენ ისეთები, რომლებიც პუტინისადმი რადიკალური შეფასებებით არც არასდროს გამოირჩეოდნენ. ვერც ეკა ბესელია, ვერც გიორგი ვოლსკი, და ვერც თავად ოლიგარქის მიერ გადაყენებული პრემიერები, ( ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი ) ვერ დაიკვეხნიან იმას, რომ რუსულ პროპაგანდას რამე დაუპირისპირეს. ( ქმედით საგარეო პოლიტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ ) არც იმავე ივანიშვილის ფავორიტი, თეა წულუკიანი გამოდგება ამის მაგალითად. ერთ დროს „საოცნებო“ ახალგაზრდული გუნდის წევრები; ჯაბა ჯიშკარიანიდან დაწყებული, ლევან ჩიტაძით დამთავრებული, ზოგიც თანამდებობების ხიბლს ეზიარა, ზოგიც გაქრა, ზოგიც ბიზნესშია. მათ უკვე მობეზრდათ აქტივისტების აპმლუა. რა უნდა ქნას ასეთ დროს „ქართულმა ოცნებამ“ ? უნდა იყოს იმ არხების იმედად, რომელსაც აკონტროლებს და რომელშიც ფულს აბანდებს, პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით.
პრინციპში, არაფერი უცნაური არ მომხდარა, მოქმედ ხელისუფლებას, რომელსაც ენმ-სთან ერთად, ხან „თავისუფალი ზონა“ აკრიტიკებდა პრორუსულობის გამო, ხანაც დავით ქაცარავა ან ნანუკა ჟორჟოლიანი, მაშველი რგოლები სჭირდება, რათა წაართვას ოპოზიციას ერთადერთი პროდასავლური განწყობების მქონე ძალის ექსკლუზივი; ( ქვეტექსტით; რუსულ პროპაგანდას მხოლოდ ნაცები არ ებრძვითო ) შეიძლება, ამ ყველაფრის შესახებ არც მოლოდინს უფიქრია და არც უჩა კანდელაკს, ეს ის სიღრმეა სანამდეც ჩასვლა არც ისე ადვილია. ეს ის სივრცეა, სადაც თამაში დახურულად მიდის, სადაც ღია ტექსტებით არ საუბრობენ, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ნანა ლეჟავას მიერ მართულ არხზე ასე ადვილად ვერავინ მოხვდება, თუ მათი ( ანუ სახელისუფლებო ) ინტერესი არ არის, ცხადია, და ისიც ცხადია, რომ თანამედროვე ( ციფრული ) ტექნოლოგიების პირობებში, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტთან ბრძოლის მიმართულებით, ახალი ფრონტებია გასახსნელი და წინა ხაზზე, პარტიული ე.წ. ნაცურ-ქოცური დაყოფა მეასე ხარისხოვანი უნდა იყოს.
სწორედაც რომ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მე, როგორც ჟურნალისტს და ამ ქვეყნის მოქალაქეს მსურს, რომ ასეთი ღონისძიებების შესახებ, მხოლოდ ივანიშვილისადმი სუბიექტურად დამოკიდებულმა მედიამ კი არა, დამოუკიდებელმა ინტერნეტ-რესურსებმაც ვაუწყოთ აუდიტორიას.
მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მემორანდუმის ხელმოწერისთანავე ღია ტექსტით ითქვა, ( ფაქტიურად მოწოდება იყო ქართული მედიისადმი ) – რაც შეიძლება მეტად გააშუქეთ ჩვენი აქტივობებიო ( შინაარსია ), ცოტათი უცნაურიც კი იყო აღნიშნულ ღონისძიებაზე მხოლოდ ტელეიმედის მიწვევა.
ჩვენ, ( euronews.ge-ს რედაქცია ) წარმატებებს ვუსურვებთ კოლეგებს და ბატონ გიორგი მოლოდინს ამ ერთობ რთული მისიის შესრულებაში და აქვე ვთხოვდით, რომ მომდევნო ჯერზე მათი აქტივობების შესახებ ჩვენც შეგვატყობინონ.

ავტორი; ზაზა სვანაძე
ფოტო; უჩა კანდელაკის ფბ-გვერდიდან

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი