ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:

_ თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ატენის სიონის გვერდით მიმდინარე მშენებლობა დამავიწყდა. ამგვარად ფიქრის საფუძველი გაქვთ – დიდი ხანია აქ არაფერი გამომიქვეყნებია, არც გადაცემა “მემკვიდრეობაში” მითქვამს რაიმე, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ ვყოფილვარ. თავს კი არ ვიმართლებ?! – უბრალოდ, წვრილმანების გამოქვეყნებით თავი არ შეგაწყინეთ.

2017 წლის 19 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ინტერნეტით გავუგზავნე ასეთი შინაარსის განცხადება:

“ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ატენის სიონთან რამდენიმე მეტრში (დაახლოებით 15 მეტრში) დაწყებულია მშენებლობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ძეგლის დამცავ ზონაში. დარღვეულია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის (ძვირფასო ფეისბუქმეგობრებო – აქ შეგნებულად არ ვუთითებ იმ სამართლებრივ ნორმებს, რაც განცხადებაში მიწერია)…

სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ატენის სიონთან აღმოჩენილი არქეოლოგიურ ობიექტებს კონსერვაციის ნაცვლად მძიმე ტექნიკით გადაუარეს და გაანადგურეს.

2017 წლის 14 ნოემბრიდან მოყოლებული მოკვლევას აწარმოებს გორის რაიონული პოლიცია. მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი იმაზე, რომ გამოძიების დაწყება დროში ხელოვნურად იწელება.

მინდა მშენებლობის შეწყვეტა მოვითხოვო თბილისის საქალაქო სასამართლოსგან სარჩელით. პარალელურად, მინდა ვიშუამდგომლო მშენებლობის შეჩერებაზე, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გთხოვთ, სამართლებრივი დახმარების გაწევაზე იმსჯელოთ და მიიღოთ გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სწრაფად.

პატივისცემით ა/ო. „მემკვიდრეობა და სამართალის“ დამფუძნებელი და მედია-კავშირ “ობიექტივში” გადაცემა “მემკვიდრეობას” ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი”.

ვისაც გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ მივმართე საიას და დამოუკიდებლად, მეგობრებთან ერთად რატომ არ დავიწყე სამართლებრივი ბრძოლა, გიპასუხებთ შემდეგს – მითითებულ პერიოდში Mamuka Nozadzeს საპატიო მიზეზის გამო ფიზიკურად არ შეეძლო ამ საქმეში ჩართა. ვთხოვე ჩემს ერთ მეგობარ ადვოკატს, მაგრამ უარი მითხრა და მიზეზიც განმარტა (ჩემთვის მიუღებელი), მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს.

საიამ სასამართლოში სარჩელი 2018 წლის 9 თებერვალს შეიტანა. ანუ ჩემი მიმართვიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მომიწია სატელეფონო საუბარი, როგორც ამ ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებთან, ისე სარჩელის ავტორთან. მე ვჩქარობდი, მინდოდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად დაწყებულიყო სასამართლო განხილვა, მაგრამ იურისტებს ხელმეორედ მოუწიათ იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რაც მე უკვე გამოთხოვილი მქონდა. საქმე ისაა, რომ მე გასაჩივრების ვადა გამივიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ატენის სიონის საქმეს მოსამართლე ხატია არდაზიშვილი განიხილავს. პროცესი 4 აპრილს 17 საათზეა ჩანიშნული. მოპასუხე მხარეს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დცვის ეროვნული სააგენტო.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების წინ დავრეკე გორის რაიონული პოლიციის იმ გამომძიებელთან, რომელმაც 2017 წლის 14 ნოემბერს მე და ანი კიკნაძე გამოგვკითხა (ანის მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე). ახალი არაფერია – ატენის სიონის საქმეზე გორის რაიონული პოლიცია დღემდე მოკვლევას აწარმოებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი