საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები დღევანდელ აქციას დააკვირდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის“ (თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი) და ,,ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ (თავმჯდომარე გია გარსევანიშვილი) 2018 წლის 10 ივნისს დაგეგმილ აქციას დააკვირდებიან და აქციის მიმდინარეობისას მონიტორინგს გაუწევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების  უფლების დაცვას.

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობით – საქართველოს კონსტიტუციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლით.

ღონისძიებას ორგანიზაციების 20 წარმომადგენელი დააკვირდება, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ნებისმიერ ლოკაციაზე და ყველა სავარაუდო დარღვევას აღბეჭდავენ, მათ ექნებათ ორგანიზაციების მიერ გაცემული ბეიჯები და ამით მათი იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი.აქციის მონაწილე პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებათა შელახვის ობიექტი გახდნენ, ან აღმოჩნდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო შემთხვევის თვითმხილველები, საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ ჩვენს წარმომადგენლებს და ისინიც დაუყოვნებლივ მოახდენენ რეაგირებას.

სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ არ ჩაერიოს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების რეალიზაციაში, არამედ, ხელი შეუწყოს მის სრულფასოვან განხორციელებას. ასევე სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები ნებისმიერი პიროვნებისგან ან ჯგუფისგან, რომელიც შეეცდება აქციისთვის ხელის შეშლას. აქედან გამომდინარე ყველა დაფიქსირებულ დარღვევას, თუ რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევებს ადგილი ექნება, ჩვენ გადავცემთ შესაბამის უწყებებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close