სკანდალი-ექსკლუზივი

   Euronews.ge -ს სტატიაში, რომელიც რამდენიმე  დღის წინ გამოქვეყნდა, საუბარია  ოზურგეთში,  მდინარეებიდან ინერტული მასალის ვანდალური მოპოვების ფაქტებზე. ადგილობრივი მოსახლეობა ამ საქმით ხელისუფლების დაინტერესებაზე ალაპარაკდა  (სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ ). იგივეს აცხადებენ ექსპერტები და ოზურგეთელებს მოუწოდებენ, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართონ.

   ლაშა ჩხარტიშვილი, ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში:

   _ საქართველოს ყველა კუთხეში ანალოგიური მგომარეობაა და ინერტული მასალების მოპოვება კონტროლის გარეშე  ხდება. იყო შემთხვევები, როცა  გზა ჩავარდა, ხიდი დაინგრა, საცხოვრებელი სახლები და კარმიდამოები  წაიღო მდინარემ იმის გამო, რომ არასწორად ხდებოდა ინერტული მასალების მოპოვება. ასეთი ფაქტები გახშირდება, თუ არ განხორციელდება  რეალური ზედამხედველობა და კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან.

  მოვუწოდებ კომპეტენტურ ორგანოებს, მთავრობას, ხელი აიღონ ფულის შოვნაზე მომავლის ნგრევის  ხარჯზე. ადრე თუ გვიან, ამას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგები.

    _ კონკრეტულად, რა შეიძლება მოჰყვეს მდინარეებიდან ინერტული მასალების მოპოვებას?

   _  ეროზია, სანაპიროების ჩამოშლა, ნგრევა და სიკვდილი. სტიქიამ შეიძლება, ასეულიობით ადამიანის მსხვერპლიც  კი გამოიწვიოს.  კი არ გაშინებთ, სიმართლეს ვამბობ. ეს აუცილებლად მოხდება, თუ არ შეიზღუდება მდინარეებიდან ინერტული მასალების მოპოვებას.

 ყველა მდინარეს აქვს გარკვეული რესურსი, რომელიც   დაკავშირებულია მის სიმძლავრესთან, დინების სიჩქარესთან, ნიადაგის მდგომარეობასთან, ქანების შემადგენლობასთან. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს თითოეული მდინარის  მიერ ჩამოტანილი მასალის დათვლა და ამის  პროპორციულად უნდა მოხდეს ინერტული მასალების მოპოვება მდინარეში. ახლა კი, ეს ხდება სპონტანურად. შესაბამისად, ყველა მდინარე კალაპოტს შეიცვლის, გაფართოვდება და დააზიანებს მიმდებარე ტერიტორიებს, ხიდებს, გზებს, სახლებს და ა.შ.

  _ ინერტული მასალის მოპოვებაზე ნებართვას რომელი უწყება გასცემს?

   _  ინერტული მასალის მოპოვება, წესით და რიგით, უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს თანხმობით, გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს ხდება უნებართვოდ. ხშირად  ირღვევა  მოპოვების წესები და პირობები, მაგრამ ამასაც არავინ აკონტროლებს. აღნიშნული საკითხები ამჯერად ეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის დეპარტამენტს. მათი პასუხისმგებლობაა, ხედამხედველობა გაუწიონ ამ სამუშაოებს. მნიშვნელოვანია ნებართვისა და ლიცენზიის დეპარტამენტის საქმიანობაც, რადგან ის ანიჭებს ნებართვებს კერძო სუბიექტებს. სამწუხაროდ, საქართველოში ნებართვების გაცემაც სპონტანურად ხდება. უზარმაზარი ჰესების აშენებასაც  ცდილობენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და წარმოიდგინეთ, ინერტული მასალების მოპოვებასთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანი იქნება მათ მიერ გაცემული ლიცენზიები. ნებართვების გაცემა ხდება კორუფციურ  გარემოში. აღნიშნული სამსახური კვლევას უკვეთავს კერძო კომპანიას, თუმცა მერე, დეპარტამენტმა უნდა შეამოწმოს კვლევის ხარისხი, რაც, ასევე, არ ხდება.

   ხელისუფლებამ, რომელიც ამბობდა, რომ გარემოს დაცვა მისი პრიორიტეტი იქნებოდა,  გარემოს დაცვის სამინისტროს არსებობაც კი აღარ ჩათვალა საჭიროდ და ეს უწყება სოფლის მეურნეობის  სამინისტროს შეუერთა.

    _ ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ბიზნესს თანამდებობის პირთა ოჯახის წევრები მფარველობენ. მათ დაასახელეს კიდევაც, რომ თითქოს ეს არის ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის სიძე.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თქვენც გაქვთ?

  _ მე არ ვიცი, რომელი კომპანიის უკან, რომელი ჩინოვნიკი დგას, მაგრამ აქ მხოლოდ ადგილობრივი მოხელეების პასუხიმგებლობის საკითხი არ დგას. კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს ცენტრალიზებულად. შესაბამისად,  ოლიგარქებს, ამ ბიზნესის წარმომადგენლებს ჰყავთ მფარველები ცენტრალურ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ისინი ამ საქმეს დამოუკიდებლად ვერ განახორციელებდნენ. ეს არის საქმიანობა, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს ცენტრალიზებულ კონტროლს და მონიტორინგს ზემოთხსენეული ორგანოების მეშვეობით სახელმწიფოს  მხრიდან.

   დიახ, როგორც გითხარით, ყველა იმ მდინარეს აცლიან კალაპოტს,  სადაც კი მცირე რესურსს  ხედავენ. ამით, ძირს აცლიან  საკუთარ მომავალს, სახლ-კარს . ეს საკითხი თბილისშიც ძალიან აქტუალურია. როგორ ინერტული მასალების უკანონო და ულიმიტო მოპოვებაა დანაშაული, ასევე დანაშაულია მდინარის სანაპიროებზე ინერტული მასალის, ნარჩენების დაყრა. ამის გამო, დიღმის ტერიტორიაზე, მდინარეში წარმოიქმნა ნახევარკუნძული და დედაქალაქის მთავარმა მდინარემ  შეიცვალა კალაპოტი.

     _ იმ ადამიანებმა, რომლებიც გარემოს ზიანს აყენებენ, ნუთუ არ იციან, რომ მსგავსი ვანდალიზმი უკან დაუბრუნდებათ ?

   _ მორალი ყველას რომ არ აქვს, ამიტომ არსებობს კანონი. შესაბამისად, მსგავს ქმედებებზე მთავარი პასუხიმგებელი არის ხელისუფლება. ცალკეული ადამიანების სინდის-ნამუსზე არ შეიძლება, დამოკიდეული იყოს ქვეყანა .

  კანონი დასახვეწია, თუმცა ის  არსებობს და შესაბამისად, უნდა არსებობდეს კონტროლიც. ფაქტია, კონტროლი ხორციელდება ძალიან ცუდად. ხელისუფლებაში და ცალკეულ უწყებებში მყოფთა ღორობის გამო, შეიძლება, დაიღუპნენ ადამიანები, დაზარალდეს მოსახლეობა, სახელმწიფო. 

 გაიხსენეთ, დარიალის ხეობაში, დაუსაბუთებლად გაცემულმა ნებართვამ როგორ შეიწირა სამი მუშა. ჩვენ ვაფრთხილებდით  ხელისუფლებას, რომ იქ ჰესის მშენებლობა არ შეიძლებოდა  პარამეტრებით, რაზეც ნებართვა იყო გაცემული. გარდა მსხვერპლისა, კომპანიამ  ზარალიც განიცადა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ  ხელმძღვანელს პასუხი მოეთხოვა დაუსაბუთებელი ნებართვის გამცემისთვის, ეს ადამიანი დღეს არის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის მოქმედი მინისტრი.  საუბარი მაქვს ალავიძეზე.

   _ როგორ უნდა მოიქცეს ოზურგეთის მოსახლეობა, უნდა შეეგუოს იმას, რაც ხდება?

  _  ადგილობრივმა აქტივისტებმა უნდა მოახდინონ პროტესტის ორგანიზება სასამართლოში, მოაწყონ აქციები. თუ არ იბრძოლებენ, შედეგი არ დადგება. ფასანაურში, ადგილობრივების ბრძოლის შედეგად, 12 სოფელი გადარჩა მაღალი ძაბვის ხაზების თავზე გადატარებას. ხალხის პროტესტის შემდეგ, კეთილი ინებეს კალაძემ  და ივანიშვილმა, მოსახლეობას გაუწიეს ანგარიში და თავი დაანებეს მავნებლური პროექტის განხორციელებას.

     Euronews.ge -მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომენტარის გაკეთება მოსთხოვა.

  ,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებაზე, 2013-2018 წლებში, სხვადასხვა კომპანიის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არაერთი ოქმი აქვთ შედგენილი. გამოვლენილია სამართალდარღვევის ისეთი ფაქტებიც, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები გადაგზავნილია შესაბამის ორგანოებში. ამ ეტაპზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემასა და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულებაზე კონტროლს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტო ახორციელებს” _ გვითხრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

  euronews.ge აღნიშნულ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. 

ლევან აბაშიძე

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი