საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

”ეს არის ძალიან სამწუხარო და შეიძლება ითქვას საგანგაშო ფაქტი, როდესაც ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი, შემდეგ ვიგებთ, რომ ის სხვა, მეზობელ სახელმწიფოში არის, ასევე, ის არის წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. თუ არ იქნება პასუხი გაცემული კითხვაზე – რამდენად არის ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს კითხვას – არის თუ არა საქართველოში დაცული თითოეული მოქალაქე. სამწუხაროდ, მე ეს ფაქტი მიქმნის განცდას, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ არის დაცული და მსგავსი ფაქტი შეიძლება განმეორდეს. მითუმეტეს, როდესაც საუბარია მეზობელ სახელმწიფოში ადამიანის გადაყვანაზე. ეს არის ყველაზე საგანგაშო. თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა ამის შესახებ ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა და თუ იცოდა, ეს კიდევ უფრო უარესი სამწუხარო ფაქტია და ამის გამოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არიან ის სახელმწიფო სამსახურები, რომლების თითოეული მოქალაქისგან დაფინანსებას იღებენ, რათა საქართველოში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და უფლებები დაიცვან. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ფაქტი, რომელსაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადგილი ჰქონდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი