პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მომავალ კვირას მოხდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბესელიამ განაცხადა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი კონსტიტუციით ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის გარანტია განისაზღვრა.

მისი განმარტებით, ადვოკატთა სამართლებრივი დაცვის განმსაზღვრელ თავს საერთაშორისო სტანდარტით აღიარებული პრინციპი ემატება, რომ დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.

დეპუტატის განცხადებით, საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით, კანონში არსებულ ჩამონათვალს ემატება შემდეგი პრინციპები – სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორცილების პატივისცემა, პროფესიული კომპეტენტურობა, ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა.

„ცვლილებებით, კონფიდენციალობის პრინციპი მყარდება და ხაზგასმა ხდება, რომ ადვოკატი ვალდებულია კლიენტის ვინაობა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციულური ინფორმაცია) არ გაამჟღავნოს. ამასთან, ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების გავლის წესი იცვლება და მითითება ხდება, რომ ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების ერთწლიანი პროგრამა. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის ცნებაც შემოდის და მისი არჩევისა და სტაჟირების გავლის პროცედურა დგინდება”, – დასძინა ბესელიამ.

წყარო

 

კომენტარები
Загрузка...