ბოლო პერიოდში გახშირდა ადვოკატების მიმართ ძალადობისა და ზეწოლის ფაქტები. დიდი ხანი არაა გასული მას შემდეგ, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ადვოკატების ინსტიტუციონალურ დევნას. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატის მიმართ ნებისმიერი ზეწოლის ფაქტზე მტკივნეულად რეაგირებენ. ბოლოდროინდელი საქმეებიდან ყველაზე გახმაურებული გახდა ორი ქალი ადვოკატის თაღლითობის ბრალდებით დაპატიმრება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით euronews-ი ესაუბრა ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს, ბატონ დავით ასათიანს.

 დავით ასათიანი:

 _ საბედნიეროდ, დღეს აღარ გვაქვს მდგომარეობა, როცა 150 ადვოკატი იყო დაპატიმრებული წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა ადვოკატების მიმართ ზეწოლის, ძალადობის თუ უკანონო მოპყრობის ერთეულ ფაქტებს მაინც აქვს ადგილი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამ ფაქტებიდან ყველაზე მძიმე ორი ქალი ადვოკატის დაკავების და თაღლითობაში ბრალდების საქმეა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყველაზე დიდი პროფესიული ორგანიზაციაა ქვეყანაში და მასში 4500-ზე მეტი წევრია გაერთიანებული. ადვოკატის სტატუსი არ წარმოადგენს რაიმე იმუნიტეტს და რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომელიმე მათგანი არღვევდეს კანონს. ადვოკატთა პროფესია იურისტთა ინტენსიურ შემოდინებას განიცდის სხვა მომიჯნავე პროფესიებიდან და ჩვენც პერმანენტულ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა წევრები კანონშესაბამისად და მაღალი ეთიკური სტანდარტებით ახორციელოებდნენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას, თუმცა არის იურისტების მცირე კატეგორია, რომელთა მხრიდანაც გარკვეულ გადაცდომებს მაინც აქვს ადგილი, რაზედაც ეფექტურად რეაგირებს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია. რაც შეეხება ადვოკატის ბრალდებას, ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაცული უნდა იქნას გამოძიების ყველაზე მაღალი სტანდარტი და იურიდიული პროფესიის საუკეთესო ინტერესები.
 _ ორი ქალბატონი ადვოკატის დაპატიმრების ფაქტს როგორ შეაფასებთ?
 _ მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების მიმართ არის გარკვეული კითხვის ნიშნები დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. მათ ედავებიან, რომ ჩაიდინეს თაღლითობა ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გზით, რომლის მიერ გაცემული სანოტარო აქტის საფუძველზე რამდენიმე მოქალაქე საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩა. ამჯერად, არ ვისაუბრებ ამ საქმის მორალურ მხარეზე და იმაზე, თუ რამდენად პროფესიული ეთიკის ფარგლებში მოქმდებდნენ ადვოკატები – ეს სხვა ფორმატში განსახილველი საკითხია. საუბარია სისხლისსამართლებრივ ბრალდებაზე, რომელშიც არ უნდა არსებობდეს არანაირი ეჭვი თუ გაურკვევლობა. გამოძიებას უნდა ეხელმძღვანელა ძალიან მაღალი სტანდარტით და უტყუარად უნდა დაედგინა, რომ ადგილი ჰქონდა წინასწარგანზრახულ დანაშაულს, სისხლისსამართლებრივ ქმედებას და არა, მაგალითად, სამოქალაქო ბრალს, თუ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხიმგებლობას.
 საინტერესოა, რომ სადავო საკითხზე უკვე არსებობდა სამოქალაქო დავა, რომელიც დაკავებული ადვოკატების კლიენტის სასარგებლოდ დასრულდა, რაც აჩენს დამატებით ეჭვს, ადგილი ხომ არ ჰქონდა გამოძიების მიერ ქმედების არასწორ კვალიფიკაციას. ეს ის საკითხებია, რომელთა სწორად გადაწყვეტა შესაძლებლია საქმის სასამართლოში არსებითად განხილვისას და სასამართლო განსჯის დამნაშავეები არიან ისინი, თუ უდანაშაულოები. აქ პრობლემა აღმკვეთი ღონისძიების არასწორ გამოყენებაშია: წინასწარი პატიმრობის გამოყენება მსაგავსი ტიპის არაძალადობრივ დანაშაულზე, 60 წელს გადაცილებული ქალი ადვოკატების მიმართ, რომელთაც ჰყავთ კლიენტები და სხვა მიმდინარე სასამართლო საქმეები გაუმართლებელი პრაქტიკაა, ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და სხვა პირების ინტერესებს და მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
  _ საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რადგან ადვოკატთა ასოციაცია განურჩევლად იცავს ყველა დაკავებულ ადვოკატს, ის იცავს იმ ადვოკატებსაც, რომლებიც ზოგჯერ მართლაც ჩადიან გარკვეულ დანაშაულს. რას ეტყვით ასე მოაზროვნე ადამიანებს?
  _ არასწორია იმ აზრის გავრცელება, რომ ადვოკატთა ასოციაცია განურჩევლად იცავს ყველა დაკავებულ ადვოკატს. არიან ადვოკატები, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი, მათზე არსებობს მყარი მტკიცებულებები, ზოგ შემთხვევაში აღიარებაც კი და ადვოკატთა ასოციაციას მათ დასაცავად ხმა არ ამოუღია. თუ ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, მიუხედავად იმისა, ის ადვოკატია, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ამ დროს პროფესია ვერ იქნება ინდულგენცია. მაგრამ, ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის ავიმაღლებთ ხმას, როცა საქმე ეხება ბრალდებას ანდა ნებისმიერი სახის ზეწოლას, რაც უკავშირდება ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას. ასეთ დროს, ყოველთვის მოვითხოვთ გამოძიების განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტებით ჩატარებას და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეუფერხებლად რეალიზაციას, რა დროსაც ბრალდებულ ადვოკატს სრულყოფილად მიეცემა შესაძლებლობა არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების პიროებში უარყოს ბრალი და დაიცვას საკუთარი თავი.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი