კატეგორიის გარეშე

ადვოკატთა კორპუსის ძლიერება მის დამოუკიდებლობაშია – ინტერვიუ დავით ასათიანთან

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და საერთაშორისო მდივანმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა ასოციაციის შექნის, არც ისე დიდი ხნის, ისტორია გაგვაცნო და იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რომელის გადალახვაც ბრძოლითა და  უცხოელი კოლეგების დახმარებით გახდა შესაძლებელი. ახლა ბატონ დავითს ხშირად იწვევენ უცხოელი კოლეგები შეხვედრებზე, კონფერენციებზე, სადაც იგი უზიარებს მათ იმ გამოცდილებას, რომლითაც ადვოკატთა ასოციაცია დანაწევრებისაგან გადაარჩინეს, ადვოკატის პროფესიას კი შეუნარჩუნეს დამოუკიდებლობა. შევიტყეთ ისიც, რომ ბატონი დავითი საქმიან ვიზიტებს უცხოეთში დიდი ენთუზიაზმითა და საკუთარი ფინანსებით უძღვება. 

  დავით ასათიანი:

_ ჩვენი ასოციაცია 2005 წელს შეიქმნა და თავიდანვე დაგვჭირდა მის გადარჩენაზე  ზრუნვა. წინა ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ ასოციაცია დაეშალა და ადვოკატთა კორპუსი დაენაწევრებინა სხვადასხვა ჯგუფად. ასეთ შემთხვევაში, ეს პროფესია ნამდვილად დაკარგავდა მთავარ ღირებულებას, დამოუკიდებლობას. ასევე, გაჩნდა პრობლემები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მაღალი ქვორუმის გამო ვერ ვატარებდით საერთო კრებას და ვერ ვიღებდით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ანუ, ასოციაცია ჩიხში შედიოდა. ამ მდგომარეობამ მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ აუცილებელი იყო საერთაშორისო, პროფესიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა, რათა შეცვლილიყო მდგომარეობა და ადვოკატთა ასოცოციაცია ფიზიკურად გადარჩენილიყო.

 _ ეს იყო ადვოკატთა ასოციაციის პირველი ნაბიჯი უცხოეთისკენ?

_ დიახ, მანამდე კავშირი უცხოელ კოლეგებთან საერთოდ არ გვქონდა. ჩვენმა მცდელობამ კი შედეგი გამოიღო და 2008 წლიდან  გავხდით „CCBE“-ის წევრები. კარგი ურთიერთობები დავამყარეთ ამერიკელ კოლეგებთან, რომლებიც ამერიკის იურისტთა ასოციაციას _ „ABA“-ს წარმომადგენლები არიან და ასევე, ევროპელ კოლეგებთან. საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი თავიდანვე მე გახლდით. საბედნიეროდ, ჩვენი იმედები გამართლდა, საერთაშორისო თანამშრომლობამ პოზიტიური როლი შეასრულა ასოციაციის გადარჩენაში.

12208537_1078256268881457_4553108478217007835_n

როგორც უკვე გითხარით, ადვოკატთა ასოციაციის რამოდენიმე ასოციაციად დაშლაზე მიმდინარეობდა საუბარი.„CCBE“-ის პრინციპულმა პოზიციამ კი  ეს გეგმა შეაჩერა. მისმა პრეზიდენტმა ხუთჯერ მისწერა საპროტესტო წერილი საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასა და ევროპარლამენტს. ის წერილში პირდაპირ აღნიშნავდა, რომ ადვოკატთა ასოციაციის შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადვოკატის პროფესიის განვითარებისათვის, სამართლიანი მართლმსაჯულების არსებობისათვის და ა.შ.  ასევე, ევროპელი კოლეგები აღნიშნავდნენ, რომ არ შეიძლებოდა ასოციაციის მრავალ ორგანიზაციად გარდაქმნა, რადგან იქნებოდა საშიშროება იმისა, რომ მათზე ზეგავლენა მოეხდინათ სხვადასხვა მხრიდან. ზოგიერთი გახდებოდა ე.წ. „ჯიბის ადვოკატთა“ ასოციაცია და მოხდებოდა ის, რისი მიღწევაც სურდა ხელისუფლებას. ჩვენი უცხოელი კოლეგები საპროტესტო ნოტაში წერდნენ, რომ ასეთი რამ ეწინააღმდეგებოდა ევროპულ სტანდარტებს და ამის დაშვება არ შეიძლებოდა.

აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ლობირებამ დიდი როლი ითამაშა და იმდროინდელ ხელისუფლებას ააღებინა ხელი ადვოკატთა ასოციაციის დაშლაზე. სხვათაშორის, ზოგიერთმა ჩვენმა კოლეგამ საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი ერთიანი ასოციაციის იდეის არაკონსტიტუციურობის თაობაზე, მაგრამ სასამართლომ პრინციპულობა გამოიჩინა. კოლეგიის თავმჯდომარე ბესანიონ ზოიძე იყო, ხოლო მომხსენებლი-მოსამართლე _ იაკობ ფუტკარაძე, რომელთაც გადაჭრით თქვეს, რომ კანონით განსაზღვრული ერთადერთი ასოციაციის არსებობა, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა. ამგვარი ძალისხმევით გადაურჩა ადვოკატთა ინსტიტუტი დაშლა-დანაწევრებას და დღემდე ერთიან სახეს ინარჩუნებს.

10690202_875657312474688_2378204426974486534_n

ყოველივე ამის  შემდეგ, ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს უცხოელ კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ ვართ„CCBE“-ის წევრები. ეს არის ძალიან ავტორიტეტული ადვოკატთა  გაერთიანება, რომელიც მილიონზე მეტი ადვოკატის ინტერესებს წარმოადგენს ევროპაში. მასში შედის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციები. ეს ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით იბრძვის ადვოკატთა როლის გაძლიერებისათვის, ადვოკატთა ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევისათვის. „CCBE“-ში ჩვენი აქტიური წევრობა არის იმის გარანტია, რომ ევროპელი ადვოკატები ყოველთვის იქნებიან ქართველი კოლეგების უფლებების სადარაჯოზე, გარანტი იმისა, რომ ასოციაცია იქნება დამოუკიდებელი, ხოლო ადვოკატთა საქმიანობისათვის ხელშეშლა, აღკვეთილი. გარდა ამისა, ევროპელი კოლეგები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. მრავალი რეფორმა განვახორციელეთ ასოციაციაში ადვოკატების დაცვის მიმართულებით, რომელსაც ჩვენი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა. „CCBE“-ის ექსპერტები აგრეთვე, გვეხმარებიან  იურიდიული განათლების და დეონტოლოგიის მიმართულებით არსებული გამოწვევის დაძლევაში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანას ადვოკატთა საქმიანობის ორგანიზების 200 წლიანი გამოცდილება გააჩნია,  ისინი კი ამ  ცოდნას და ინფორმაციას ჩვენ გადმოგვცემენ.

_ იქნებ, დაგვისახელოთ ერთ-ერთი მიღწევა, რომელშიც სწორედ „CCBE“-ის წევრი ქვეყნების ადვოკატები დაგეხმარნენ?

_ ამჟამად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარეობს რეფორმა ადვოკატის სტაჟირების სისტემის დასახვეწად.მას შემდეგ, რაც პირი ადვოკატის პროფესიაში შესვლას გადაწყვეტს,  მოხდება მისი სტაჟირება ევროპის სტანდარტების დონეზე. ის სისტემა, რომლის დანერგვაც ჩვენთან ახლა მიმდინარეობს, ევროპის ქვეყნების 99%-ში  უკვე ამოქმედებულია და შესაბამისად, ჩვენი ევროპელი კოლეგები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესებში. ისინი გვეხმარებიან ადვოკატის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბებასა და სტაჟირების პროგრამის დანერგვაში.

13466144_1234368913270191_2988423443900960364_n

როგორც გითხარით, ჩვენ ასევე ვართ წევრები მსოფლიო ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელშიც გაწევრიანებულია 120 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატთა საერთაშორისო კავშირი, სადაც  2 მილიონზე მეტი ადვოკატი პერსონალურად არის გაწევრიანებული. ასევე, ვართ რეგიონული საადვოკატო გაერთიანებების წევრიც.

ადვოკატთა ამგვარ გაერთიანებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა ქვეყანაში ამ  პროფესიის განვითარებისთვის. ადვოკატი არის უფლებადამცველი და ის, ხშირ შემთხვევაში, მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებში, ხშირ შემთხვევაში იცავს ოდიოზურ, კომპრომეტირებულ კლიენტებს, მონაწილეობს გახმაურებულ საქმეებში და იცავს მხარეებს, რომლებზედაც უარყოფითი საზოგადოებრივი აზრია ჩამოყალიბებული. ეს ყველაფერი ადვოკატის საქმიანობის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. ადვოკატები, რა თქმა უნდა, არ ვართ ხელისუფლების ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ოპოზიცია, თუმცა, ეს არის მართლმსაჯულებისათვის მებრძოლი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლის მიმართაც, გარკვეულ გავლენიან ჯგუფებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, მედიას და ა.შ. უჩნდება თავდასხმის ცდუნება. ასეთი ფაქტები არ არის მხოლოდ საქართველოში. ასეთი ქმედებებისგან პრევენციის მიზნით, ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიული სოლიდარობა და ჩვენ ამაში ჩართულნი ვართ.

_ იქნებ გვესაუბროთ ამ ერთობის წყალობით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კონკრეტულ მიღწევებზე…

_ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უკვე აქვს ძალიან დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, თვითრეგულირებადი ორგანიზაციის რეპუტაცია. ის მზად არის, ადვოკატთა უფლებები დაიცვას ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით. აღიარებულები ვართ ერთ-ერთ ლიდერად, რეგიონში ადვოკატის უფლებებისათვის ბრძოლისა და ადვოკატის  დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, რაშიც დიდი წვლილი ბატონ  ზაზას მიუძღვის. ასევე, ლიდერები ვართ რეგიონში იურიდიული განათლებისა და ეთიკის სტანდარტების განვითარების კუთხით და ამ ყველაფერს, სახელმწიფო სტრუქტურებისგან მთლიანად იზოლირებულად და დამოუკიდებლად მივაღწიეთ. არის ბევრი ქვეყანა, სადაც ადვოკატთა ასოციაციაში მიღება და სხვა სტანდარტები იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგულირდება ან ასოციაცია ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწფოსგან, მათ გადასცემენ შენობებს, უზრუნველყოფენ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ისინი ფინასურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოზე. ჩვენი წარმატების გასაღები კი სწორედ ისაა, რომ ჩვენი განვითარება მიღწეულია სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ადვოკატთა კორპუსის ძლიერება მის დამოუკიდებლობაშია.

12924574_1177957902244626_4062975397651940223_n

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია თავისუფალია სახელისუფლებო, პოლიტიკური, ბიზნეს თუ სხვა ტიპის გავლენებისაგან. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი და თვითმმართველი ორგანიზაცია, რასაც  დიდი შრომით, ბრძოლითა და უცხოელი მეგობრებისა და კოლეგების თანადგომით მივაღწიეთ. ეს არის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ. კავკასიისა და შუა აზიის არცერთ ქვეყანას არა ჰყავს ისეთი დამოუკიდებელი ადვოკატთა კორპუსი, როგორიც ჩვენ.

_ როგორც ვიცი, ქართველ ადვოკატებს უკვე ექსპერტებად გიწვევენ, ასეა?

_ დიახ, ასეა. გავიხსენებ ბოლო პერიოდის ორ ვიზიტს. პირველი იყო ყაზახეთის დედაქალაქ ­ალმა-ატაში, სადაც გაიმართა ყაზახეთის და შუა აზიის ქვეყნების რიგით მე-2 საერთაშიროსო კონფერენცია. იგი ეძღვნებოდა ადვოკატის როლის გაძლიერებას. მასში ვმონაწილეობდი, როგორც ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი და „CCBE“-ის ექსპერტი. კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახლდათ ქართული გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებაში დაახლოებით 8 ქვეყნის ადვოკატთა დელეგაცია მონაწილეობდა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერების მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად იქნა მიჩნეული. მოწვეულმა ადვოკატებმა დამისვეს უამრავი შეკითხვა, გაიმართა დისკუსიები და ა.შ. აინტერესებდათ, რა მექანიზმების გამოყენებით ვიბრძვით ადვოკატთა უფლებებისათვის, როგორ ვიყენებთ საერთაშორისო პარტნიორების ლობირების მექანიზმებს, პროტესტის რა ფორმებს მივმართავთ და ა.შ. ჩვენ პროფესიონალური  ბრძოლის დიდი არსენალი გაგვაჩნია, რაც მათაც გავუზიარეთ. ავუხენით, რომ კრიტიული მდგომარეობის დროს ხშირად მივმართავდით სხვადასხვა პროტესტის ფორმებს, ვატარებდით აქციებს პარლამენტთან, ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან. მათ ასევე გავუზიარეთ გამოცდილება, თუ როგორ შევძელით, შეგვექმნა მუდმივი (განგრძობადი) განათლების სისტემა და როგორ გავუზიარეთ ეს ყველაფერი ადვოკატებს ისე, რომ მათში პროტესტის გრძნობა არ გამოგვეწვია. ზოგიერთ ქვეყნაში განგრძობადი განათლების დამკვიდრებას თავად ადვოკატები ეწინააღმდეგებოდნენ. მათ არ სურდათ დროის ხარჯვა და აღნიშნული საკითხის მიმართ ისინი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. სკეპტიკური დამოკიდებულება ამ  საკითხის მიმართ თავდაპირველად ჩვენთანაც იყო, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია ადვოკატის პროფესიის განვითარებისა და ნდობის ამაღლებისათვის.

14993322_1389122984461449_1186928042642004930_n

ბელორუსიაში ჩატარდა დიდი საერთაშორისო კონფერენცია ბიზნესმედიაციის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ვმონაწილეობდი, როგორც ექსპერტი მედიაციის სფეროში. საქართველოში ხორციელდება პროექტი ბიზნეს-მედიაციის დანერგვის მიზნით. ეს გახლავთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც აპრობირებული მეთოდია თანამედროვე სამართლებრივ სისტემებში, როცა მხარეები თავად ცდილობენ შეთანხმებას მედიატორის დახმარებით. ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა როლი, რადგან მედიატორები, ძირითადად სწორედ ადვოკატები არიან. ეს ღონისძიება ჩატარდა “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” ხელშეწყობით. ჩვენი, დიდი ხნის სწორი მუშაობით, უკვე მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს გვიწვევენ როგორც ექსპერტებს სხვადასხვა მიმართულებით, გვეკითხებიან აზრს, გვთხოვენ რჩევის მიცემას და ა.შ.

_ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადვოკატებს საწუწუნო კიდევ აქვთ, ბევრი რამ ისევ გამოსასწორებელია,  ხომ არ  ვცდები?

_ საქართველო არის გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა და ადამიანების სამართლებრივი მართლშეგნება არ არის მაღალი. ჩვეულებრივ მოქალაქეზე რაღა უნდა ვთქვათ, როცა ერთი წლის წინ, ჩვენი კოლეგა, საზოგადოებრივი ადვოკატი, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, ადვოკატის უფლებამოსილების განხორცილებისას, სასტიკად სცემა ამავე პოლიციის უფროსმა. ეს არის არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. საბედნიეროდ, ეს არ არის ხშირი შემთხვევა. მთავარმა პროკურატურამაც სწორი რეაგირება მოახდინა აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა პოლიციის უფროსი და ახლა სასამართლო მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ასეთი გამოწვევები ჯერჯერობით კიდევ არის, მაგრამ ეტაპობრივად, ჩვენი პრინციპული და თანმიმდევრული ძალისხმევით ყველა სირთულეს აუცილებლად გადავლახავთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close